„საქსტატი“: მარტში ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლასა და ტრანსპორტზე

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,2% შეადგინა.
“საქსტატის” ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,2 %-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე – ხილი და ყურძენი (18,7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4,5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,5 პროცენტი) და თევზეული (2,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,7 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,4 %-ით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე ფასების 9,7 -პროცენტიანმა მატებამ. ტრანსპორტი – წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,3 %-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,6 პროცენტი).
2015 წლის მარტში, 2014 წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,6% შეადგინა. “საქსტატის” ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,7 %-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია, ფასების მატება ქვეჯგუფებზე: – ხილი და ყურძენი (27,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,8 პროცენტი), თევზეული (4,1 პროცენტი) და ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა – მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,0 %-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,63 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (9,1 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (4,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ფასები გაიზარდა 9,9 %ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9,7 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (9,9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 6,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11,1 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები