წყალტუბოში მგლების შემოსევა გახშირდა – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგლობრივები აცხადებენ, სოფლებს 13 თემის მასშტაბით მგლები შეესივნენ. დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი.
მტაცებელი დასახლებულ პუნქტში ჩნდება, რაც მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
სოფელ რიონის მსგავსად, მგლები წყალტუბოს რაიონის თითქმის ყველა სოფელში გამოჩნდნენ. სოფლებში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გარეული ცხოველი სოფელს თავს ესხმის, თუმცა მგლის მოკვლა მათ დიდი ოდენობის ჯარიმის გამო არ შეუძლიათ. მოსახლეობის თქმით, მტაცებელი ცხოველები საღამოს საათებში ხშირად ჩნდებიან, რის გამოც ადგილობრივები სოფლებში სანადირო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.
მგლების გახშირებული თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. გამგებლის განცხადებით, მგლების შემოსევის პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. უწყებების შეთანხმებით, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც თავდასხმების შესამცირებლად სპეციალურ ზომებს მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიქმნება ჯგუფები მტაცებლების გასანადგურებლად, ამ დრომდე იმერეთის სოფლებში მოსახლეობამ უკვე ათობით შინაური პირუტყვი იზარალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები