ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გეგუთის კოლონიაში ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი შესაბამის უწყებებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადებით მიმართავს. გარდაცვლილი პატიმრის დეიდის ხათუნა კორტავას განცხადება მედიას დაზარალებული ოჯახის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ გააცნო. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კორტავას გარდაცვალების საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს, დაზარალებულის ოჯახი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, შესწავლილი იქნას იმ ექიმთა საქმიანობა, რომელთა მკურნალობის ქვეშაც იმყოფებოდა გეგუთის ციხიდან გადაყვანილი ლევან კორტავა.
ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა უახლოეს ხანში ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს, და თუკი გამოიკვეთება ექიმთა უპასუხიმგებლობის საკითხი, მოითხოვს მათ სათანადო დასჯას. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებული მიიჩნევს, რომ ამ საქმეში გასამართლებული მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, თეიმურაზ გურეშიძე უდანაშაულოა. “თავიდანვე, სანამ საქმე პირველ ინსტანციაში განიხილებოდა, ჩვენ ვამბობდით ამას, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული თეიმურაზ გურეშიძე უდანაშაულოა. მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს, სადაც აღნიშნული მსჯავრდებულების საჩივარი განიხილება, შეისწავლონ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც კავშირშია გურეშიძესთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კაცი არის უდანაშაულო”, – განაცხადა ადვოკატმა.
ლევან კორტავა გეგუთის კოლონიაში 2013 წლის 12 მაისს სცემეს. იგი ციხიდან ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზად პატიმრის კიბიდან დაგორება სახელდებოდა, მოგვიანებით კი, ეს ვერსია შეიცვალა. კორტავას გარდაცვალების საქმეზე 7 პატიმარი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის 6 პირის საქმე, რომელთაც 15-15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია. თეიმურაზ გურეშიძისა და სხვათა საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მომავალ კვირას განახლდება. გურეშიძეს ბრალად წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირი. წარდგენილ ბრალდებას ბრალდებული არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები