თამარ ტალიაშვილმა აუტიზმის საერთაშორისო დღე მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან აღნიშნა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი, ამავე რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონის მე-9 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ჩართულობას ადგილზე გაეცნენ.
ტალიაშვილის განცხადებით, თბილისის 159-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 110 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია.
„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ჩვენი ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალია მათზე ზრუნვა, რადგან ისინი ჩვენს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას საჭიროებენ. აუტიზმის ადრეული ინტერვენციისთვის აუცილებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა იდენტიფიკაციისა და შეფასების სისტემის შექმნა. ჩვენ ამ მიმართულებით აღმზრდელთა გადამზადების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით, ვინაიდან სწორედ ამ ასაკში ხდება აუტისტური სპექტრის ნიშნების გამოვლენა. დღეს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები არიან დასაქმებულები, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალურად მუშაობენ. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, 2014 წლის სასწავლო წლიდან სკოლამდელ დაწესებულებებში 7 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს სააღმზრდელო პროცესში დარჩენის საშუალება მიეცათ“, – განაცხადა დეპუტატმა.