“თურქეთის კლინიკაში გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა შეიტყეს, რომ ბავშვი ჩვეულებრივი მოქალაქეა”
7 წლის ბუკა ნიკურაძე, რომლის მკურნალობაც სოლიდარობის ფონდმა 53 000 აშშ დოლარით დააფინანსა, უკვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე სოციუალურ ქსელში წერს, თურქეთის კლინიკაში გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა შეიტყეს, რომ ბავშვი, რომელსაც მკურნალობისთვის 53 000 აშშ დოლარი გამოუყვეს, ჩვეულებრივი მოქალაქეა.
“უნდა დავწერო. იშვიათად ვწერ ასეთ ამბებს, მაგრამ უნდა მოვყვე… გუშინ გვიან ღამემდე ბუკა ნიკურაძის სტამბოლში გადაყვანის პროცესი მიდიოდა (ერთი რეანომობილი გაბრუნდა უკან, გაუმართაობის გამო ვერ დაფრინდა, მეორე ჩამოფრინდა). სრულიად სამთავრობო ჯგუფები მობილიზებულნი იყვნენ კატასტროფის ბრიგადების საჭიროებისათვის და აეროპორტში საჭირო დახმარებისათვის. ფონდის გოგოები წუთში ერთხელ ურეკავდნენ თურქეთის კლინიკას, რომ იქ ყველაფერი გამზადებული დახვედროდათ… თურქეთის კლინიკა სრულიად გაოგნდა, როდესაც გაიგო, რომ ეს ბავშვი ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელსაც პრემიერის სოლიდარობის ფონდი ყველაფერს გაუკეთებს იქამდე, სანამ არ გამოჯანმრთელდება (დიდი ხანი კითხულობდნენ, ვინ არის ეს ბავშვი, ვინმეს შვილია და ა. შ )… გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ყველა ასეთი საჭიროების 22 წლამდე ასაკის ბავშვს ზუსტად ანალოგიურად მოექცევა და ბოლომდე მიხედავს ფონდი… მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც რიცხავს ფულს ამ ფონდში“,-წერს ნინო კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 7 წლის ბუკა ნიკურაძეს ლეიკემია აღმოაჩნდა. ის მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადიოდა. ბავშვის ორგანიზმი ქიმიას არ იღებდა და მისი საზღვარგარეთ მკურნალობა იყო საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა.