საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ბზის მოჭრისგან თავშეკავებას ურჩევს.

ამის შესახებ განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გააკეთეს.

„კოლხური ბზა ენდემური სახეობაა და უძვირფასესი მცენარეა. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და არეალის შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში დაავადება – ე.წ. ბზის სიდამწვრე გამოვლინდა, რის გამოც, თითქმის აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები მთლიანად განადგურდა“, – განაცხადეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე.

მათივე განმარტებით, კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება და სამართალდამრღვევზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაზეა დამოკიდებული.

როგორც საპატრიარქოში განმარტეს, საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

„ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისგან“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მართლმადიდებლური სამყარო მიმდინარე წელს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს 5 აპრილს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები