პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება რეგიონში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე საგარეო ფაქტორები ახდენს გავლენას. ამასთან, პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გამოკვეთილ პოზიციაზეა ევროპასა და რეგიონში ინვესტიციების კუთხით.
“საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ნორმალურია, თუ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა რეგიონის და საპარტნიორო სივრცის ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება. აქვე გეტყვით, რომ 2013 წლის პერიოდში და მანამდეც საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი პოსტსაბჭოთა სივრცის და რეგიონის უდაბლეს და საშუალო მაჩვენებლებს შორის მოძრაობდა. 2004 და 2012 წლებში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 6,1 პროცენტი და მას უსწრებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი. საინტერესოა, მაგალითად, იმ მონაცემების მოყვანა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა – პირველად 2003 წელს – ეს იყო 11,1 პროცენტი, ხოლო ბოლოს- 2007 წელს – 12,3 პროცენტი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროს ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში – 2007 წელს ჩვენი მეზობლის, სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა 14 პროცენტით. აღარ ვსაუბრობ აზერბაიჯანზე, რომელიც ორჯერ გვისწრებდა წინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები