ნათია თურნავა: ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი
,,ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი”, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომელიც ეკონომიკურ გუნდთან ერთად აშშ-ში იმყოფებოდა და მრავალი შეხვედრა გამართა.
ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფედერალური სარეზერვო ბანკი 1993 წლიდან თანამშრომლობენ.
„ფედერალური სარეზერვო ბანკი არის ჩვენი მრავალი წლის სტრატეგიული პარტნიორი. 1993 წლიდან ურთიერთობს საქართველოს ეროვნული ბანკი და ფედერალური სარეზერვო ბანკი. ის არის ჩვენი პარტნიორი სადოლარო ლიკვიდობის მიწოდების ბაზარზე. დოლარის ბანკნოტების მიწოდება ხდება ყოველთვის მათგან. ბევრი სხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ.
მოწოდება ხდება მათგან იმიტომ, რომ ეს არის ისეთი სტრუქტურა, რომელსაც აქვს ცენტრალურ ბანკებთან ურთიერთობა. მათ შორის საქართველოს ცენტრალურ ბანკთან. ეს არ არის კერძო ბანკი, ან ზოგადად საინვესტიციო ბანკი და მართლაც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი. იმიტომ, რომ ნებისმიერ რთულ პერიოდშიც კი კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც ფიზიკურად შეწყდა ბევრი რამის მიწოდება მათ მოახერხეს და უზრუნველყვეს და არ შეიქმნა ჩვენს ბაზარზე დოლარის ბანკნოტის დეფიციტი, ან რამე სხვა სახის ამ კუთხით შეფერხება. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ვხვდებით ჩვენ პარტნიორებს, რომ მათ მოვუყვეთ ბოლო განვითარების შესახებ ჩვენს საფინანსო ბაზარზე, ასევე მათგან მოვისმინოთ. გვაქვს ბევრი ტრენინგ პროგრამა ერთმანეთში, ძალიან გვეხმარებიან ამ თვალსაზრისით და მართლაც ერთ-ერთი ისეთი სანდო პარტნიორი თუკი ჩვენ გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ ბანკს ეს არის ფედერალური სარეზერვო ბანკი და ამჯერადაც ძალიან თბილი, კარგი მეგობრული შეხვედრა შედგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.