ირაკლი ღარიბაშვილი: საწყენია, როდესაც ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან გაუმართლებელ კრიტიკას ვისმენთ

საწყენია, როდესაც ვისმენთ, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს არასოდეს არ მიუმართავს მათთვის რაიმე კითხვით ან ინიციატივით. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის თავად იყო ზარების და შეხვედრების ინიციატორი.
“არ შემიძლია, არ გავაკეთო მცირე კომენტარი, თუმცა ამისი დიდი სურვილი არ მქონდა, ვინაიდან ღიად დაისვა კითხვები სხვადასხვა უწყების მიმართ. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მცირე კომენტარი გამეკეთებინა, მანამდე მე მინდა მთელს მოსახლეობას, რომ ჩვენი მთავრობა და სახელმწიფო გუნდი არის მოწოდებული, ყველა ინსტიტუტთან დაბალანსებული, ჯანსაღი და კონსტრუქციულ ურთიერთობა გვქონდეს. ეს არაერთხელ დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით, პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით, ინიციატორი ყოველთვის მე ვიყავი, ყოველთვის ვაფიქსირებდი ამას, არა მატრო სიტყვით, არამედ ქმედებით, რომ მომხდარიყო პოზიტიური წინსვლა, როდესაც საუბარი იყო იმის თაობაზე, უნდა დაესწროს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოვლას, ჯერ კიდევ გასულ წელს ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა. კოალიციის საერთო აზრი იყო, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს, პომპეზური იყოს ყველაფერი, ახალი რეალობის, ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობის დასწრება პრეზიდენტი გამოსვლაზე საჭიროდ არ ჩაითვალა.
ეს გადაწყვეტილება დავტოვეთ ძალაში და წელსაც გადავწყვიტეთ, რომ არ დავესწრებოდით, რადგან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და არ იყო ამის აუცილებლობა. საწყენია, როდესაც მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის.
მე მინდა ყველას შევახსენო, მოსახლეობას “ქართული ოცნება” იმისთვის არ აურჩევია, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი, ან ჩემი პასუხები პრეზიდენტისადმი. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის დრო. ჩვენ ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს. დრო არ უნდა დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ წარმოადგენს მოსახლოების პრიორიტეტს. მინდა მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით, ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები