ომბუდსმენმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის მთავარ მიგნებებზე ისაუბრა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის მთავარ მიგნებებზე ისაუბრა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემებს, ქართული ენის სწავლების შეზღუდვის, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ეთნიკური ქართველების მიგრაციის საკითხებს.
“ისაუბრა ასევე, ქალთა უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობასა და ფემიციდის ფაქტებზე, ამ კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულთათვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამის უფრო აქტიურად დანერგვისა და განხორციელების აუცილებლობაზე და ამისთვის წამახალისებელი მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე.
პატიმართა უფლებებთან დაკავშირებით მიმოიხილა უვადო პატიმრების მიმართ მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები, მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა”, – წერია ინფორმაციაში.