"როსნეფტი" ფოთის ტერმინალით დაინტერესებას ადასტურებს

რუსული კომპანია “როსნეფტი” ფოთის ტერმინალით დაინტერესებას ადასტურებს. თუმცა, როგორც “ინტერპრესნიუსს” “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა განუცხადა, ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის ტერმინალის მფლობელ კომპანია “ჩენელ ენერჯისთან” მიმდინარეობს მოლაპარაკება და უკვე გადახდილია თანხის 50%.
“ამას ვერ დაგიდასტურებთ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პროცენტია გადახდილი. მე ვფიქრობ, ვიღაცეები ცდილობენ, სასურველი რეალობად გაასაღონ”, – განაცხადა ლეონტიევმა. მისივე თქმით, არსებობს ინტერესი და ეს ინტერესი უკავშირდება “როსნეფტის” საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია სომხეთში საწვავის ტრანსპორტირებას ახროციელებს. “მოცულობა დიდია. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც ეს მოცულობა უნდა გადავტვირთოთ ფოთის პორტიდან. რაც შეეხება ბათუმის პორტასდმი “როსნეფტის” ინტერესესს, მის შესახებ არაფერი მსმენია”,- აღნიშნა ლეონტიევმა.
ფოთის პორტზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ კომერციული მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ფოთის პორტი “სერიოზული კრიმინალურ-პოლიტიკური ხასიათის” გარემოებებით არის დამძიმებული.
“პორტის ნომინალური აქტივების ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი იყო. ყველაფერი ასე იოლი არ არის. თუ რუსეთი მიიღებს კარგ პირობებს, კიდევ შეიძლება. თუმცა იმის სასიცოცხლო საჭიროება, რომ საქართველოში შემოვიდეთ, დღეს არ არის. იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესით შემოვიდეთ, უნდა გვქონდეს ძალიან პოზიტიური ურთიერთობა ქვეყანასთან და მის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ გვაქვს ამის იმედი. თუ იქნება პოზიტიური ურთიერთობა, ყველაფერი შესაძლებელია”, -განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლეონტიევმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები