ტრეფიკინგის ფაქტი საქართველოს მაღალმთიანეთში – „მამაკაცს მისი 62 წლის მეუღლის გაუპატიურებით დაემუქრნენ“

გაზეთი „პრაიმტაიმი“ საქართველოს მაღალმთიანეთში მოხდარი ტრეფიკინგის სკანდალური ისტორიის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მსგავსი შემთხვევები იქ არცთუ ისე იშვიათია, თუმცა არ ხმაურდება. გამოცემასთან ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის დირექტორი თამუნა სანიკიძე ერთ-ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარის აუტანელი შრომით ექსპლუატაციის შესახებ ჰყვება.
„73 წლის მამაკაცი, მეუღლესთან ერთად, გახდა შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. მათ საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში ფერმაში შესთავაზეს მუშაობა. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ეს ადამიანები დათანხმდნენ სამუშაოს 3 თვის განმავლობაში. შეჰპირდნენ საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას, გასამრჯელოს სახით კი უნდა მიეღოთ 3 ტონა ხორბალი, ძროხა და კიდევ რამდენიმე გოჭზე იყო საუბარი. ამის ნაცვლად, ეს ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ პრაქტიკულად პირუტყვთან ერთად უწევდათ ცხოვრება, კვირის განმავლობაში აძლევდნენ მცირე რაოდენობით კარტოფილსა და პურს. ეს იმდენად მწირი იყო, რომ სრულფასოვან კვებას, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებდნენ.
როდესაც ეს პირობები გააპროტესტეს, ხანდაზმულ მამაკაცს მისი 62 წლის მეუღლის გაუპატიურებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამუშაო ადგილს დატოვებდნენ. იძულებულნი გახდნენ, გარკვეული პერიოდით დარჩენილიყვნენ, თუმცა შემდეგ არსებული პირობები ქალბატონმაც გააპროტესტა, რის გამოც საწვავი მიასხეს ფეხებზე და ცეცხლი წაუკიდეს. ამ ქალბატონს ფეხები ჰქონდა დამწვარი, როდესაც ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ეს გააკეთეს მისი მეუღლის დასანახად. პრაქტიკულად 3 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები ფეხზე დაგვეყენებინა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. მამაკაცი ძაღლისგან იყო დაკბენილი, რადგან ერთ-ერთი მორიგი შეწინააღმდეგების დროს ძაღლი მიუშვეს და დააკბენინეს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები მომაკვდავები იყვნენ, როდესაც ღამე წაიყვანეს და თავიანთ სახლთან, ჭიშკართან დაყარეს. შემდეგ ერთ-ერთმა მეზობელმა აღმოაჩინა ისინი და სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. იმის გამო, რომ ოჯახში სხვა არავინ ჰყავდათ, თავშესაფრით სარგებლობა გადაწყვიტეს და ჩვენ მიერ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. ტრეფიკიორებზე კი სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს“, – იხსენებს სანიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები