თათია ბურდული: გუშინ ნამდვილად გვაჯობა ქაჯობამ

გუშინ ნამდვილად გვაჯობა ქაჯობამ – ასე აფასებს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი თათია ბურდული გერმანისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის გუშინ გამართულ მატჩზე სტადიონზე მისული გულშემატკივრების ნაწილის ქმედებას. უფრო კონკრეტულად კი თათია ბურდული იმ პირებს აკრიტიკებს, რომლებიც ვიპ-ლოჟაში თინეიჯერი შვილების თანხლებით შედიან, მაშინ როცა 1 მოსაწვევი ნიშნავს 1 მოსაწვევს და “ორ-ორი თინეიჯერი შვილით“ სტადიონზე მისვლის უფლება არ აქვთ.
ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი განმარტავს, რომ სტადიონზე ბილეთის გარეშე მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან და არა 12-13 წლის თინეიჯერები.
“დინამო არენას” მინდორზე 7 გულშემატკივარი გადმოხტა… ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა… ამაზე ბევრს დაწერს უეფაც… მე, კი ახლა მინდა VIP ქართველებზე დავწერო… იმ VIP ქართველებზე, 285-ადგილიან ვიპლოჟაში რომ უნდოდათ ბილეთი, ფედერაცია ალყაში რომ ჰყავდათ მომწყვდეული უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, რომელთა “ცეცხლითა და მახვილით მოპოვებულმა” მოსაწვევებმა არასწორი ნაყოფი გამოიღო და რომელთა საქციელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. არ მეგონა, ამის თქმა თუ გახდებოდა საჭირო, თანაც ასე საჯაროდ, მაგრამ მაინც:
1. მეგობრებო, ბატონო VIP-ებო, 1 მოსაწვევი ნიშნავს 1 მოსაწვევს და ის ორ-ორი თინეიჯერი შვილით მოსვლის უფლებას არ გაძლევთ სტადიონზე. ცნობისათვის, სტადიონზე მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან ბილეთის გარეშე და არა 12-13 წლის თინეიჯერები, რომელთა კალთაში ჩასმა არც გამოგივათ და არც ცდილობთ.
2. თუ ფედერაციამ უზრუნველყო ვიპლოჟის განაწილება, რაზეც თითოეულ სკამს სახელობითი წარწერაც მეტყველებს… შენ თუ “ვიპ ვიპაძე” ხარ, არ უნდა დაჯდე იქ, სადაც “ვიპიკო ვიპაშვილის” გვარია მითითებული.
3. თუ შენ, როგორც ყველაზე VIP-ს მოსაწვევი გერგო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა უბილეთო მაყურებელი სტადიონის დაცვას მენტორული ტონით შემოაშვებინო და თქვა “ის ჩემთან ერთადაა”.
4. და კიდევ ერთი, უკვე მერამდენე მატჩია სტადიონზე, კერძოდ ვიპლოჟაში მოხვედრას ცდილობს და, რაც მთავარია, ახერხებს ისეთი ხალხი, რომელიც არც ითხოვს მოსაწვევს (ეთაკილებათ თუ, ზოგადად, არ აღიარებენ კონტროლის ამ სისტემას არ ვიცი). რომლებიც პირდაპირ, ჯიქურ შემოდიან ამ სექტორში.
და ბოლოს, მაშინ, როდესაც რიგითი გულშემატკივრების საქციელზე ვსაუბრობთ, ვინ რა კანონი დაარღვია, ვინ სად გადმოხტა და ვინ როგორ მოიქცა, ჯერ იმ “წარჩინებულებს” მივხედოთ, რომელთაც ერთი სამი გონიათ, წესი დასარღვევი და საკუთარი უფლებები სხვაზე უპირატესი…
P.S. ისე, კი გუშინ ნამდვილად გვაჯობა ქაჯობამ!“-წერს თათია ბურდული ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები