მიხეილ სარჯველაძე: სამმხრივი კომისიის შედეგად მოხერხდა, რომ მთლიანად კი არ დახურულიყო მაღარო, არამედ მოხდა გარკვეული ოპტიმიზაცია და დასაქმებულების დიდი ნაწილი კვლავაც დასაქმებულია
სამმხრივი კომისიის შედეგად მოხერხდა, რომ გარკვეული ოპტიმალური გამოსავალი მოძებნილიყო, მთლიანად კი არ დახურულიყო მაღარო, არამედ მოხდა ოპტიმიზაცია და დასაქმებულების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავაც დასაქმებულია, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, როგორია შედეგი იმ პროცესში, რამაც გასულ წელს ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია და მაღაროელთა ერთი ნაწილი საკითხებს კვლავ აპროტესტებს.
„ჩვენ ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც კომპეტენციის მიხედვით გვეკუთვნის და, რომელიც რელევანტურია, ეს უკავშირდება, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა ეკონომიკური და კომერციული ფაქტორების გათვალისწინებითაც თავის დროზე ეს პრობლემური საკითხი გაჩნდა, საბედნიეროდ, რეალურად, მოხერხდა წინსვლა. იგივე სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებები იყო მიღებული. ამ სამმხრივი კომისიის შედეგად მოხერხდა, რომ გარკვეული ოპტიმალური გამოსავალი მოძებნილიყო შექმნილი პრობლემიდან, ყოფილიყო არა რაღაც კოლაფსი და არა მთლიანად დახურულიყო ეს მაღარო და დარჩენილიყო პრაქტიკულად, უკლებლივ ყველა თანამშრომელი სამუშაოს გარეშე, არამედ მოხდა გარკვეული პროცესების ოპტიმიზაცია და საკმაოდ დიდი ნაწილი იქ და მანამდე დასაქმებული ადამიანებისა კვლავაც დასაქმებულია. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი ამბავი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ვინც შეიძლება, ვერ დასაქმდა და ვერ ნახა ადგილი, რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ დასაქმებას და მალე სამსახურის პოვნას, მაგრამ ეს ყოველთვის შეიძლება, ერთი კომპანიის ფარგლებში ვერ ხორციელდებოდეს. ამას ბუნებრივია, დასჭირდება გარკვეული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და მერწმუნეთ, იგივე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და გარკვეული ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით, რეგიონისთვის არაერთი სტრუქტურა და არაერთი ადამიანი დღედაღამ ფიქრობს. რეალურად, ძალიან დიდია ინტერესი და პოტენციალიც, რომ არა მხოლოდ მაღარო იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით მკვებავი იმ არაჩვეულებრივი და ულამაზესი რეგიონის. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მხარეს და ვფიქრობ, ბევრი ახალი სამუშაო ადგილიც გაჩნდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს, აკვირდება და აქვს ინფორმაცია.
„მაგალითად, იყო რაღაც ერთი ლოკალური საკითხი, ამ სამუშაოების შეჩერება სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ უფლებებზე ახდენდა გავლენას და ამ ადამიანებს დასჭირდათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რომ ეს გასწორებულიყო სამართლებრივად. უბრალოდ, მათი ბრალის გარეშე, მათგან დამოუკიდებლად გარკვეულ წყვეტას ადგილი ჰქონდა და ამას რომ უარყოფით გავლენა არ მოეხდინა მათ სტაჟზე, სწრაფადვე გავაკეთეთ რეაგირება. ჩვენი სამინისტროდან წამოვიდა ინიციატივა და საბედნიეროდ, მთავრობამ ძალიან სწრაფადვე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს პრობლემა გადაუჭრა იქ მცხოვრებ, თუ მომუშავე არაერთ ადამიანს, მათ საკმაოდ დიდ რაოდენობას. ვფიქრობ, ასეთიც უნდა იყოს დამოკიდებულება, სახელმწიფო სტრუქტურა მუდმივად უნდა უყურებდეს პრობლემის მიმდინარეობს და რა დროსაც ეს პრობლემა ჩნდება, ბუნებრივია, სწრაფადვე უნდა მოჰყვეს რეაგირება. ზუსტად ამის დემონსტრირება იყო ის, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.