ნინო წილოსანი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული – საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებული, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად სწორ საკანონმდებლო ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ხელისუფლება.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ისევე როგორც ადამიანის სხვა უფლებები ყოფილიყო დაცული და ეს არის ერთ-ერთი იმის განმაპირობებელი, რომ საქართველო არის მათ შორის, ბიზნესებისთვის საუკეთესო ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ საქმიანობა. ეს რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი გამოაქვეყნა. საკუთრების უფლების დაცულობით გლობალურ რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კი საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა.