ბესო ხარძიანის მკვლელობის კვალი სპეცსამსახურამდე მიდის?

ბესო ხარძიანის მკვლელობის კვალი სპეცსამსახურამდე მიდის?- ამის შესახებ გაზეთი “ვერსია” დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემა ბიზნესმენის მკვლელობის სავრაუდო ვერსიებს განიხილავს:
“ერთი ვერსიით – ალბათ, ყოფილი ხელისუფლება შეეცდება ისარგებლოს ამ სიტუაციით, რომელიც შეეცდება, ძველი პოზიციები დაიბრუნოს, თან ხარძიანის მკვლელობის შემთხვევაში, მეტი ფაქტები არსებობს ეჭვისთვის, რომ ყველაფერი გია უდესიანს დაბრალდეს, რომელიც „ნაცების“ მთავარ ზონდერად ითვლება. მკვლელობის მოტივი სახეზეა – ბესო ხარძიანი სამართლიანობის აღსადგენად იბრძოდა, თან სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე თქვა, რომ თუ სამართლიანობა არ აღდგება, საქართველო ძველ სიცილიას დაემსგავსება. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა მოკლული ბიზნესმენის პროგნოზი გამართლდა.
აძლევდა თუ არა უდესიანს ხარძიანის მკვლელობა ხელს? ლოგიკის კანონებით, – არა, რადგან, თუ მისი მოცილება უნდოდა, საამისოდ იდეალური პირობები მაშინ როცა ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყვნენ. უდესიანი ისეთი გულუბრყვილოც არ ჩანს, არ გაეთვალა, ხარძიანის მკვლელობა მე დამბრალდებაო, მაგრამ სპეცსამსახურების მუშაობა ლოგიკას არ ექვემდებარება. ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, ხარძიანის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სოცქსელში, ალბათ, არ გავრცელდებოდა ფოტო წარწერით: გია უდესიანი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულ გია სოსანაშვილის შვილის ნათლიაა, ანუ წინდაწინვე მომზადდა ფონი, რომ უდესიანს სოსანაშვილთან კავშირი აქვს და ეს ერთი „ბანდაა“.
შეიძლება, ის ვერსიაც გაჩნდეს, რომ ხარძიანის მოცილებით ნაცმოძრაობის ერთმა, კერძოდ, სააკაშვილის ფრთამ ისარგებლოს. სხვათა შორის, სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, ზემოხსენებულ კვლევაში არ ფიგურირებს, ანუ გამოდის, რომ იგი მხოლოდ დასავლეთმა კი არა, საკუთარმა გუნდმაც გაწირა. მიშა აღიარებს, რომ აღვირი არ აქვს – ყველა სიგიჟეზე წამსვლელია. რატომ არ აქვს არსებობის უფლება ვერსიას, რომ ხარძიანის მკვლელობა ყოფილი მმართველი გუნდის რომელიმე ფრთას თავად მიშამ დააბრალოს? – ამით ხომ, გარკვეულწილად, “მეცოცხეებს” გაემიჯნება და იტყვის, მეც სწორედ მაგათ დამღუპესო? პიარი, ქაღალდისა არ იყოს, ყველაფერს იტევს… ხაზს ვუსვამთ: არსებობის უფლება ვერსიას აქვს…
რაც შეეხება სპეცსამსახურებს, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელსაც არეულობა აწყობს, რამეთუ სათავეში საკუთარი ძალა მოიყვანოს. ქართველები ქუჩაში შიმშილის გამო არასოდეს გამოსულან. ქართველები ქუჩაში ღირსების, შელახული თავმოყვარეობის, უსამართლობის გამო გამოდიან! იმაზე დიდი უსამართლობა, როცა დატერორებულ ადამიანს კლავენ, აღარაფერია!
ბესო ხარძიანის მკვლელობა მათთვის, ვინც „ოცნებას“ კრიჭაში უდგას, დამატებითი არგუმენტია, რომ მთავრობის სახლში გაშვება მოითხოვოს! სისხლი ხალხსაც ზაფრავს და, ყველა ვარიანტში, პასუხს მმართველ გუნდს მოსთხოვს. ყველაფერ ამას ყბადაღებული კოჰაბიტაციაც ამძაფრებს. – ხომ გეუბნებოდით, კოჰაბიტაცია დაგვღუპავსო? „ნაცები“ ისევ ჩვენ გვხოცავენ და გვატერორებენ! – უკვე ამბობენ სოციალურ ქსელებში “ოცნების” მომხრეები. მიზანი ამართლებს საშუალებას – ხალხი უკმაყოფილოა. “ვიღაც” საკუთარი სისხლიანი სცენარის ყველაზე დრამატულ, გნებავთ, კულმინაციურ ეტაპზე გადადის. ხელწერა ერთია – გიორგი სანაია, ეროსი კიწმარიშვილი, იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი… ვინ იქნება შემდეგი?!”, – წერს გაზეთი “ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები