დავით ნარმანიამ და პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერეს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერეს. მიმდინარე მშენებლობისა და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერს ფონდ „ივერიისა“ და „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია აქტიურად არის ჩართული ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობაში.
„ჩვენ წელს ერთობლივად ვიზრუნებთ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია სამებიდან მახათას მთამდე ამოსასვლელი ქვაფენილიანი გზის სამუშაოების დაწყება. უშუალოდ ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოსასვლელი გზის კაპიტალური სამუშაოები მომდევნო წლისთვის იგეგმება, რათა მშენებლობის დასრულებისთვის შემოსასვლელი გზა, პარკირების ადგილი და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი იყოს, რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმალურად იმუშავებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფონდ „ივერიის“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის თქმით, ტაძრის მშენებლობას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება და იგი მალე დასრულდება. „ტაძარი საქართველოს ყველა მოქალაქის შეწირულობებით შენდება, ვინც ჯერ არ შემოერთებია ამ საქმეს, დროულად შემოგვიერთდით, 2017 წლის 25 დეკემბერს უწმინდესს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი უსრულდება, ჩვენი სურვილია, მას ეს დიდი საჩუქარი ქართველმა ერმა აჩუქოს და ტაძარი მან აკურთხოს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც დედაქალაქის მერიას და საკრებულოს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის ყელისა და სარკმელების ამოყვანის პროცესი. დაწყებულია გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სრულდება სამრეკლოს კედლების ამოყვანა და კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის კარკასის მშენებლობის დასრულება აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელი საქართველოს და უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ერთიანი ძალისხმევით შენდება. იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა გვარ-სახელები შევა. სახალხო აქციაში უკვე 250 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფონდი „ივერიისას“ საიტის WWW.MAKHATA.GE. საშუალებით.