რა გახდა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი – რას ყვებიან სოფელ ანაგაში

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზებზე სკოლის პედაგოგები და ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მე-5 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობამდე თანასკოლელებთან იჩხუბა.
როგორც ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ღვედაშვილი აცადებს, მოზარდს სკოლაში შეკამათება მოუვიდა. დირექტორის თქმით, სიტუაცია პედაგოგებმა განმუხტეს და ბავშვები დაამშვიდეს.
„დილით როგორც კი დაიწყო სასწავლო პროცესი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მაშინ მოუვიდათ შეკამათება. მე აქ ვიყავი, ბავშვები სწრაფად დავაშოშმინეთ, კლასის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა, კლასებში შევიყვანეთ, ვესაუბრეთ ძალიან დიდხანს. მოგვიანებით, ბავშვი სახლში გავუშვით, პაპა და ბებია დახვდნენ, სადილიც მიირთვა, მშობელსაც ესაუბრა ტელეფონით და მერე რა მოხდა არ ვიცი. პოლიცია მუშაობს და იმედია, დაადგენენ ზუსტ მიზეზს, ბავშვი რამაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – ამბობს ნინო ღვედაშვილი.
სოფლის მკვიდრი, ნათელა ბეგიაშვილი ბავშვებს შორის მომხდარი კამათის მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, 11 წლის მოზარდს თანასკოლელებმა უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო.
„მე ასე გავიგე, რომ უთხრეს, აყვანილი ხარო. ბავშვი წამოსულა სკოლიდან და თავი ჩამოუხრჩვია. დედ-მამა სახლში არ ჰყავდა, სამუშაოდ იყვნენ წასულები. ბებია იყო სახლში, მაგრამ ბებიამ ვერ გაიგო. მერე ნახეს ბავშვი ჩამომხრჩვალი“,- ამბობს ნათელა ბეგიაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში მეხუთე კლასის მოსწავლემ გუშინ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები