ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე მეტად არ მომწონს, როდესაც გუნდში განხილვის გარეშე ხდება რაღაც საკითხების საჯაროდ გამოტანა

„ყველაზე მეტად არ მომწონს ის, რომ გუნდში განხილვის გარეშე, პირდაპირ ხდება რაღაც საკითხების საჯაროდ გამოტანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების გადახალისებას მომავალი არჩევნებისას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ძალიან რთული არჩევნები ჩაატარა.
„ჩვენ ძალიან რთულ დროს მოვედით ხელისუფლებაში. ძალიან რთული არჩევნები ჩავატარეთ 1 ოქტომბრს. რა თქმა უნდა, შენიშვნები შეიძლება ჰქონდეს ყველას, შეიძლება მეც მქონდეს შენიშვნები მათ მიმართ და მათაც ჰქონდეთ შენიშვნები ჩემი და მინისტრების მიმართაც, ზოგადად, ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მე ყველაზე მეტად არ მომწონს ის, რომ გუნდში რაღაც საკითხების განხილვის გარეშე, პირდაპირ საჯაროდ გამოტანა ხდება. ეს არ არის საინტერესო მოსახლეობისთვის. თუ არ არის რაღაც საკითხეზე კოალიცია შეთანხმებული და ჯერ არც კი გამართულა კონსულტაციები, მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, ჯერ გუნდის შიგნით მოხდეს ამის განხილვა და შემდეგ მოხდეს ამის განსაჯაროება. ეს არის მუშა პროცესი, არცერთი ადამიანი არ ვართ იდეალური, არც მე ვარ იდეალური პრემიერ-მინისტრი, არც მინისტრები და არც პარლამენტარები. ჩვენ – ყველანი ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები, ამას რამდენად ვახერხებთ, ეს საკითხავია. მაგრამ გარწმუნებთ, გვაქვს მოტივაცია, რომ უკეთესი მთავრობა ვიყოთ, უკეთესი პარლამენტი გვქონდეს, უკეთესი და უფრო ძლიერი ინსტიტუტები გვქონდეს,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ურთიერთობის კარგი ფორმა.
“აქ ღიად შეიძლება დაისვას ყველა შეკითხვა, ფინანსთა მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გასცენ პასუხები აბსურდულ შეკითხვებს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან წამოსულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცენ. დანარჩენს უნდა დაველოდოთ, ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2016 წელს გვაქვს და მანამდე ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია და ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს და როგორ მოახდეს ამ ვადაში საკუთარი თვის რეალიზებას”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები