სამტრედიის გარდა, დარღვევები ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად დარღვევები, სამტრედიის გარდა, ბათუმის ბაღებშიც გამოავლინა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამტრედიასთან ერთად ხორცის გაყინულ ნახევარფაბრიკატებში პათოგენური მიკროორგანიზმი ბათუმის ბაღშიც გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ის ბიზნესოპერატორი კომპანიები, რომლებსაც სამტრედიისა და ბათუმის სახლში პროდუქტები შეჰქონდა, პირველ ეტაპზე 1 000 ლარით დაჯარიმდებიან.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიური პროგრამის ფარგლებში აიღო ხორცის ნიმუშები თბილისის და დასავლეთ საქართველოს ბაგა-ბაღების კვების ბლოკებიდან, მწარმოებელ და რეალიზატორი ბიზნესოპერატორებიდან. ხორცის და ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად, ბათუმის XV და XIX საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი. აქ ბიზნესოპერატორი კომპანია შპს “თელეთი” იყო. რაც შეეხება სამტრედიის IX საბავშვო ბაღს, ამ ბაღიდან ამოღებულ ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა. ამ შემთხვევაში ბიზნესოპერატორი კომპანია შპს “ნინო” იყო”, – აღნიშნა ზაზა დოლიძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, სააგენტოს დავალებით საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ სრულად იქნა გაწვეული აღნიშნული ხორცის პარტია და მის განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა დოლიძემ განაცხადა, თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინულ ნახებარფაბრიკატების ნიმუშებში გაყინული ხინკალი (ინდმეწარმე ავთანდილ ტარიელიძე, შპს “ნიქეთი”, შპს “მეგა”, შპს “გაამოთ”), ქაბაბი (შპს “ქართული პროდუქტი”, შპს “სოლო) და ტოლმა (ნატურალ ფუდი), ასევე აღმოჩენილ იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანიები დარღვევებს არ აღმოფხვრიან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ზომები გაცილებით უფრო მკაცრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები