ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ლევან ბეჟანიძე პაციენტის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
ლევან ბეჟანიძე მის კლინიკაში 28 წლის მაიკო ვერძაძის გარდაცვალებას სავალალოდ მიიჩნევს.
როგორც სამშობიაროს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის წევრები მომხდარ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებენ და იგი საკუთარ პოზიციას მხოლოდ კომისიის დასკვნის შემდეგ დააფიქსირებს.
„პიროვნულად მე ექიმების შესახებ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისიის წევრებმა უკვე დაიწყეს მოკვლევა. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მოკვლევას, კომენტარს გავაკეთებ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სავალალო შედეგია, როდესაც ახალგაზრდა მანდილოსანი დაიღუპა“, – აღნიშნა ლევან ბეჟანიძემ .
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში 20 მარტს მიიყვანეს. ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მძიმე მდგომარეობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, ნაყოფის დაღუპვის მიზეზიც ექიმების შეცდომა გახდა. მათი თქმით, საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაატარეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.