ბათუმის სამშობიარო სახლში მომხდარ ფაქტს ერთდროულად ორი უწყება იკვლევს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმის სამშობიარო სახლში უკვე ჩავიდნენ და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა უჩა მურადაშვილმა განუცხადა. როგორც მურადაშვილმა „კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროში ბათუმის სამშობიარო სახლში მკვდარშობადობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 20 მარტს შემოვიდა.
მისივე თქმით, შეტყობინების საფუძველზე სამინისტრომ მოკვლევა 20 მარტიდან დაიწყო.
„ჯანდაცვის სამინისტროში ბათუმის სამშობიარო სახლში მკვდარშობადობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 20 მარტს შემოვიდა. რის საფუძველზეც სააგენტოს ორი თანამშრომელი ბათუმში ჩამოვედით და მოკვლევა დავიწყეთ.
დღეს კი, ბათუმის სამშობიარე სახლში მელოგინე ქალბატონის გარდაცვალების შესახებ უკვე მეორე შეტყობინება დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ვეცნობით მომხდარს, შევისწავლით, რის შედეგადაც დაიდება კომისიის დასკვნა“, – აღნიშნა უჩა მურადაშვილმა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის მაიკო ვერძაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში 20 მარტს მიიყვანეს. ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მძიმე მდგომარეობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, ნაყოფის დაღუპვის მიზეზიც ექიმების შეცდომა გახდა. მათი თქმით, საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაატარეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

დღეს დილიდან ბათუმის სამშობიარო სახლის შენობაში გარდაცვლილ მაიკო ვერძაძის ახლობლები შენობაში შეჭრას ცდილობენ და მომხდარის შესახებ ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები