მხატვარი ამირ კაკაბაძე გარდაიცვალა
ამირ კაკაბაძე 1941 წელს თბილისში, მხატვრების – დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის I საშუალო სკოლაში, 15 წლისამ ჩააბარა სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1961 წელს, სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში, სცენოგრაფიის ფაკულტეტზე, ფარნაოზ ლაპიაშვილის ჯგუფში. ასპირანტურის წლებში სწავლობდა სერგო ქობულაძესთან. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თეატრისა და კინოს მხატვრად. პირველივე ნამუშევრებმა მხატვარს აღიარება მოუტანა, სპექტაკლებისა და ფილმების გაფორმებისთვის იგი არაერთ ფესტივალზე დაჯილდოვდა. მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, კინო, თეატრი, წიგნის გრაფიკა. იგი საქართველოს დამსახურებული მხატვარია.