რატომ ამოწმებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს – ბიზნესმენი განმარტებებს ითხოვს  

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მიმართავს და ხელმძღვანელობისგან განმარტებებს ითხოვს.
როგორც ელიზბარაშვილი აცხადებს, მის მიერ დაარსებულ ძაღლების თავშესაფარს ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 12 კაციანი ჯგუფი ამოწმებს. მისი თქმით, ისინი ბოლოს 19 მარტს, უკვე მეოთხედ ესტუმრნენ. სწორედ ამის გამო, თამაზ ელიზბარაშვილი კომპანიის ადმინისტრაციას კითხვით მიმართავს – „რას ისახავს მიზნად, ასეთი სიხშირით, ჩემი კერძო საკუთრების შემოწმება?!“
„მე გახლავართ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი… ამავდროულად, თქვენი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტი. თბილისში, გივი სვანიძის 30 ნომერში, ჩემს კერძო საკუთრებაში (ტერიტორიაზე), 12 წელი ჩემი სურვილით და ჩემი ფინანსებით ვეხმარები და ვჩუქნი სიცოცხლეს ძაღლებს, დათვებს და სხვა ცხოველებს. მთელი ამ ხნის მანძილზე, არანაირი დავალიანება, ან დარღვევა არ მქონია, არც თქვენს და არც წინამორბედ კომპანიასთან…
მიუხედავად იმისა, რომ მე კერძო პირს, თამაზ ელიზბარაშვილს, თქვენი კომპანია 0.2655 ლარი 1მ3-ზე ტარიფის ნაცვლად, 4,4 ლარს 1მ3 ტარიფით მახდევინებს გადასახადს.
მიმდინარე წლის 19 მარტს, თქვენი კომპანიის წარმომადგენლები, 12 კაციანი ჯგუფი მოვიდა გეგმიური შემოწმების მიზნით. ბოლო ერთი წლის მანძილზე, ეს იყო მეოთხე გეგმიური შემოწმება. რას ისახავს მიზნად, ასეთი სიხშირით, ჩემი კერძო საკუთრების შემოწმება?! თქვენი კომპანიის მხრიდან, მსგავსი ქმედებები, მაფიქრებინებს მხოლოდ ერთს, რომ თქვენ მე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში მადანაშაულებთ?! რადგანაც, ეს არ ჰგავს გეგმიურ შემოწმებაზე მოსულ ჯგუფს… ეს, ურჩი გადამხდელის წინააღმდეგ მიმართულ ზომას ემსგავსება, რაც, ბუნებრივია, ჩემში იწვევს სამართლიან პროტესტს… მე, როგორც თქვენი კომპანიის–„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტი, მოვითხოვ განმიმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე?!“ – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები