თამარ ბერუჩაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს ოლემიკ ტომესენს შეხვდა. ტომესენი პარლამენტის პრეზიდენტის რანგში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
თამარ ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. მან მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს, ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის მზაობისთვის.
ოლემიკ ტომესენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მადლიერება გამოხატა ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის.
“ვიმედოვნებ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი მიმართულებების და ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. იმედია ვიხილავთ ახალ განვითარებებს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების კუთხით EFTA-წევრ ქვეყნებთან, რომელსაც ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი და ისლანდია წარმოადგენს. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ თანამშრომლობას არამარტო ნორვეგიასა და საქართველოს შორის არამედ საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც. საქართველოსა და ნორვეგიას ერთობლივ ეკონომიკური თანამშრომლობის თვასაზრისით ძლიერი მომავალი აქვს და ვიცი რომ ჰიდრო ენერგეტიკული სფერო საქართველოში ძალიან საინტერესოა, ისევე როგორც მრავალი სხვა ბიზნეს სფერო სადაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა.