ცხოველთა უფლებადამცველი პატრიარქს მიმართავს, არ განახორციელოს ცხოველებისადმი სისასტიკის ჩადენა

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქის, უწმინესისა და უნეტარესის ილია მეორის 22 მარტის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება, სადაც პატრიარქმა ბრძანა, რომ აღდგომას “დაიკვლება დიდი მოზვერი, შვიდი ცხვარი და ყოჩი“.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს მიმართავს არ განახორციელოს და არც სხვას მოუწოდოს ცხოველებისადმი სისასტიკის ჩადენისაკენ – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა განუცხადა. როგორც ლაჭყეპიანმა აღნიშნა, ის შს სამინისტროსაც მიმართავს, არ დაუშვან დაანონსებული ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და დახოცვის ფაქტები.
„ცხოველთა მსხვერპლშეწირვაზე მართლმადიდებლური დოგმატიკის მიხედვით მიუღებლობაზე განმარტების გაკეთების მოთხოვნით ცხოველთა უფლებადამცველებმა 2013 წლის 4 აპრილს (მიუსაფარ ცხოველთა დღეს) საპატრიაქროს შენობასთან შევიკრიბეთ და პეტიციით მივმართეთ პატრიარქს, ამავე დღეს მოხდა გასაუბრება საპატრიარქოს წარმოამდგენლებსა და ცხოველთა უფლებადამცველებს შორის. მათ განაცხადეს, რომ პატრიარქი ამას ისედაც აცხადებს, რომ მსხვერპლშეწირვა არის წარმართული წესების გადმონაშთი და არა მართმადიდებლური დოგმატიკით გამართლებული. ისინი დაგვპირდნენ, რომ ამაზე აქტიურად გაგრძელდებოდა საპატრიარქოს მხრიდან საზოგადოების ინფორმირებულობა, თუმცა 2015 წლის 22 მარტს პატრიარქის მხრიდან გაიჟღერა სრულიად საპირისპირო განცხადებამ. მან განაცხადა, რომ მოხდება ცხოველთა დაკვლა. 11082823_924969777525516_1697452379_n
ცხოველისადმი სისასტიკე, რაც იწვევს მის დასახიჩრებას ან სიკვდილს, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ცხოველისადმი სისასტიკე ასევე აკრძალულია უამრავ სხვა ქვეყანაშიც, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ცხოველის საკვებად გამოყენებისათვის იყენებენ გაუტკივარების მეთოდს, შესაბამისი აღჭურვილობებით, ამისათვის განკუთვნილ ადგილას.
დღემდე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ მიუღიათ ადეკვატური რეაგირება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, მათ შორის რიტუალურ და რელიგიური მოსაზრებით ცხოველთა მსხვეპლად შეწირვაზე.
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს მიმართავს, არ განახორციელოს და არც სხვას მოუწოდოს ცხოველებისადმი სისასტიკის ჩადენისაკენ. ასევე მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, მოახდინოს სამართალდამცავთა მობილიზირება 11 აპრილის ღამეს თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაანონსებული მსვლელობისას და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან, რათა არ დაუშვან ცხოველისადმი დაანონსებული სასტიკი მოპყრობისა და დახოცვის ფაქტები“, – განუცხადა „კვირას“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა და ის ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა და აღნიშნა, რომ სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. როგორც ილია მეორემ ბრძანა,  დაიკვლება მოზვერი, შვიდი ცხვარი და ღმერთს მადლობას შესწირავენ.
“მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი. ამასთან დაკავშირებით, პირველ წელიწადს მე მინდა, რომ ეს მადლობის ლოცვა, აღდგომის წირვა შევასრულოთ სვეტიცხოველში, მცხეთაში. შაბათს დაიწყება მსვლელობა ხალხისა, სასურველია, რომ ფეხით ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთას და დაიკვლება დიდი მოზვერი, შვიდი ცხვარი, ყოჩი… მადლობას შევწირავთ უფალს და ხალხი იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას. კვირას კი, საღამოს ექვს საათზე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და მთელი ხალხი გავა ქუჩებში, სადაც სამღვდელოება მაკურთხ წყალს ასხურებს. აი, ეს იქნება ყოველი წლის აღდგომა“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები