საკრებულოში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ანგარიში მოისმინეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
აღნიშნული სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, კომისიის წევრებს ამავე სამსახურის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გააცნო, სადაც როგორც სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები, ასევე სამომავლო ამოცანები და გეგმები დეტალურად იყო წარმოდგენილი.
გელა ჩივიაშვილმა დედაქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული პრობლემის ძირითად მიზეზს ხშირი არამიზნობრივი გამოძახებები, კლინიკებთან არსებული რთული კომუნიკაცია და სხვა ფაქტორები წარმოადგენს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სამსახურმა უკვე შეიმუშავა კონკრეტული გეგმა და ამ მიმართულებით ეფექტიანი აქტივობების პროცესი დაწყებულია.
საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ის პროგრამები, რომლებსაც თბილისის მერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა, მათ შორის 11 არასამთავრობო ორგანიზაცისთან ერთად ახორციელებს.
დეპუტატებმა C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა, ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამების დაფინანსების საკითხზეც იმსჯელეს.
ასევე, განხილულ იქნა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ონკოპრევენციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, კომუნალური სუბსიდიებისა და 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური პროგრამები.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დედაქალქის წარმომადგენლობითი ორგანო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის კომისია უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს მერიის შესაბამის სამსახურებთან და სხდომაზე წარმოდგენილი ყველა პროექტი პროგრამულადაა გაწერილი, რაც ბენეფიციართა რაოდენობას, რეაბილიტაციის ვადებს, ფინანსურ თუ სხვა საკითხებს ითვალისწინებს.
სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემების დროული აღმოფხვრის გზებს, სოციალურად დაუცველი პირების ერთანი ბაზის სრულყოფას, დევილთა და მრავალშვილიანი ოჯახების, ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების გამკაცრებას ეხებოდა.
სხდომას კომისიის წევრების გარდა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ციალა ჯელაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები