დავით ნარმანია და დავით ჯიქია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს შეხვდნენ

თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს შეხვდნენ. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები იყო.
შეხვედრაზე თვითმმართველობისთვის პრობლემური ათამდე საკითხი გამოიკვეთა. ძირითადი შენიშვნები შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამოითქვა. გარკვეული შენიშვნები არსებობს ასევე თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებითაც. აღნიშნული შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონების გუბერნატორებთან, ქალაქების მერებთან და გამგებლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ანალოგიური შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთანაც ჩატარდება, რის შემდეგაც მომზადდება იმ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც, თვითმმართველობის წარმომადგენელთა აზრით, გააუმჯობესებს ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობას.
ცვლილებებზე მუშაობას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და თბილისის მერი მარტის ბოლომდე დაიწყებენ, რის შემდეგაც ინიციატივას განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები