ევროსაბჭო სუიციდის პრევენციის თემაზე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მომზადებას იწყებს
ევროსაბჭო 25 მარტს სუიციდის პრევენციის თემაზე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მომზადებას იწყებს. აღნიშნული ტრენინგი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში” ხელშეწყობით ჩატარდება.
“პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კონკრეტული მაგალითების განხილვით, რაც მონაწილეებს სუიციდის პრევენციის ღონისძიებების, მართვის ტექნიკისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება. ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ყველა ექიმის, ექთნის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკისა თუ რეჟიმის თანამშრომლის ჩართვას გულისხმობს. ტრენინგები რუსთავში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში და ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, ერთდროულად დაიწყება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.