ნოდარ ხადური “საერთაშორისო გამჭვირვალობას” პასუხობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დეფიციტის მაჩვენებლის ცვლასთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ სიტყვების ავტორმა ელემენტარული არითმეტიკა რომ იცოდეს, ცუდი არ იქნება.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაანგარიშებულია პირველი იანვრის მდგომარეობით. მაშინ კი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ წინასწარი იყო. მინისტრმა ასევე შესთავაზა ყველა ორგანიზაციას, ვისაც სურვილი ექნება, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიაროს.
“მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ გუშინწინ თუ გუშინ დაზუსტდა, ეს ერთი, მეორე – 80 მილიონი საგადასახადო შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში არ იქნა მიმართული, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე კანონის შესაბამისად და მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოიჩინონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გააკეთონ განცხადებები, ცუდი არ იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.