საქართველოში შესაძლოა, სიცილის ფესტივალი გაიმართოს

3 მაისს საქართველოში შესაძლოა, სიცილის ფესტივალი გაიმართოს. ამ ინიციატივით სიცილის თერაპიის ლიდერები – მაგნო და ნინო შავდიები გამოდიან. ამ ეტაპზე ისინი მხარდამჭერს და სპონსორს ეძებენ.
როგორც „კვირას“ სიცილის თერაპიის ლიდერმა ნინო შავდიამ განუმარტა, მერიამ მათ სიცილის დღის აღსანიშნავად სცენარის წარდგენა სთხოვა და ახლა მომზადების პროცესში არიან. მისივე განმარტებით, ღონისძიების მიზანია, რომ საზოგადოება გახალისდეს და ისე გაუმკლავდეს პრობლემებს. მისი თქმით, სიცილი სტრესიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა და ის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. სიცილის თერაპიის ლიდერის აზრით, სხვა ქვეყნებში „სიცილი უფრო აპრობირებულია“.
„იოგას ვარჯიშებს ვაკეთებთ, რომელსაც წინ კი ნახევარსაათიანი თერაპიული კურსი უძღვება იმისთვის, რომ ადამიანი დადებითად განეწყოს. ეს არის ჯანმრთელობისთვის უწამლო მკურნალობა. მაგალითად, კოპენჰაგენში ამ დღის აღსანიშნად 20 ათასი ადამიანი გამოვიდა და საკარნავალო მსვლელობა მოაწყო. საზღვარგარეთ საზოგადოება სსცენური რაღაცის წარმოდგენა არ სჭირდება, იქ სიცილი უფრო აპრობირებულია. ამ ღონისძიების მიზანია, რომ ცოტა სიხალისე შემოვიტანოთ. ძალიან დაძაბულია ცხოვრება და ამას წინ ვერ აღვუდგებით. ეს მარტო საქართველოში კი არ არის, სხვა ქვეყნებში შესაძლოა, უარესი მდგომარეობაც იყოს. ჩვენთან ყველაფერს უკავშირებენ მთავრობას. თავის თავში იკეტება ადამიანი. დიდი ავადმყოფობების სერია წამოვიდა. ონკოლოგიური დაავადებები მომრავლდა. ეს არის სტრესის ბრალი. ავადმყოფობის 90 პროცენტი არის სტრესის ბრალი. სტრესის მოხსნაში ყველაზე მეტად სიცილი გვეხმარება, რაც  ადამიანის სტრესიდან გამოყვანის ერთ-ერთი უებარი საშუალებაა“, – აღნიშნავს ნინო შავდია.
იგი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოების ფსიქიკაში მწუხარება უფრო სჭარბობს. მისივე თქმით, მან თბილისის მერიისგან საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ნებართვა 2012 წელს მიიღო, თუმცა მაშინ საზოგადოებამ დაინტერესება არ გამოხატა და სულ 5 ადამიანი შეიკრიბა.
„მაისის პირველი კვირა დღე მსოფლიოში აღიარებული სიცილის დღეა. ეს თარიღი ჩვენთან არ აღინიშნება სხვადასხვა გარემოების გამო. 2012 წელს მერიისგან მივიღეთ ნებართვა, რომ ჩამეტარებინა სიცილის ფესტივალი. რიყეზე შევიკრიბეთ ნაცნობები, მხოლოდ 5 კაცი და სიცილის დღე ავღნიშნეთ. საზოგადოების დაინტერესება არ იყო. ფეისბუქით დავგეგმეთ და მედიასაშუალებები არ იყვვნენ ჩართულნი. ჩვენს ფსიქიკაში მწუხარების მარცვალი უფრო დევს, ვიდრე სიმხიარულე“, – აღნიშნა ნინო შავდიამ. მსოფლიო 2015 წელს სიცილის დღეს 3 მაისს, თვის პირველ კვირა დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები