C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტზე ხელს 21 აპრილს მოაწერენ
21 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი დაიწყება.
როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეებში, პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვა და ეს შეეხება მათ, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ კლინიკური მდგომარეობის გამო.
“რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ამას ხელმოწერის დღეს გაგაცნობთ ყველას, ვგულისხმობ ამ მედიკამენტებთან მიწვდომადობას. თუმცა, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ეს ბევრად უფრო მიწვდომადია, ვიდრე ნებისმიერი პრეცედენტი. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, ის პაციენტები, ვინც მკურნალობას დაიწყებენ და ზოგადადა C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობირებული უნდა ჰქონდათ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს და თავის მოვლას საერთოდ თავი დაანებეს. ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა იმის იმედით, რომ ახლა მკურნალობას დაიწყებენ, საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა ყოველი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა და ძალიან დიდი რისკების შემცველი”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ინფექციის კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ძირითადი საბაზო წესები.
“დეტალებში არ შევალ, ჩემზე კარგად ამას მკურნალი ექიმი განუმარტავთ, თუმცა არის რამდენიმე მოცემულობა, როგორიც არის ალკოჰოლის კატეგორიული მიუღებლობა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ბოროტად გამოყენება, გარკვეული ჯანსაღი კვების წესების დაცვა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა, ვიდრე საკუთრივ ანტივირუსული მკურნალობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა მედიას მოუწოდა, ეს გზავნილი მაქსიმალურად მიიტანონ პაციენტებამდე.