უფლებადამცველები ხაშურში თავადი ვეზირიშვილების სასახლისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
„ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში არსებულ ვეზირიშვილების სასახლეს კულტურული ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს“,- აღნიშნული განცხადება უფლებადამცველებმა: ალექსანდრე ახალკაცმა და მამუკა ტუსკაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთეს.
უფლებადაცველთა განცხადებით, თავადების სასახლე დღეს განათლების სამინისტროს ბალანსზეა, შენობის მძიმე მდგომარეობის გამო კი შესაძლოა, შენობას დემონტაჟის საფრთხე დაემუქროს.
„თავადი ვეზირიშვილების სასახლე კულტურული ძეგლის ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს. ის სულ ცოტა 2 საუკუნისაა. სასახლე მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში. თავადი დიმიტრი ვეზირიშვილი იყო გენერალ – მაიორი, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დიმიტრის ცოლად ჰყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის და – ბარბარე ბარათაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილის მამაც. მელიტონ ბარათაშვილი დასაფლავებულია სოფელ ოსიაურში. ისიც ამავე სასახლეში ცხოვრობდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საკითხის უგულებელყოფას ახდენს. პირველი მიმართვის შემდეგ კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი, დღეს კი აცხადებენ, რომ შესაძლოა, მიანიჭონ კიდეც, მაგრამ მისი რეაბილიტაციის თანხები მათ არ გააჩნიათ. შენობა დღეს განათლების სამინისტროს ბალანსზეა, რადგან კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ამ სასახლეში სკოლა იყო გახსნილი. ახალი სკოლა ამ სასახლესთან ახლოს არის, სკოლის დირექტორმა მიმართა სამინისტროს და შენობის დემონტაჟი სთხოვა“,- განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.
უფლებადამცველებმა კულტურის სამინისტროს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება და სასახლის გადარჩენა სთხოვეს.
„ ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას ამ ძეგლის გადარჩენის მიზნით. ეს არის ისტორიული ძეგლი. ყველა ისტორიული დეტალი და ძეგლი ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. სრულიად აბსურდულია მისი დემონტაჟი. თუკი დღეს არ არსებობს რეაბილიტაციის თანხები, ჩავუტაროთ ეს თუნდაც მომავალ წელს, მაგრამ დღეს მთავარია, რომ სასახლეს კულტურული ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ და დემონტაჟს გადავარჩინოთ“,- განაცხადა უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ.