შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის აკადემიაში დანერგილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას და სასწავლო ბაზის დათვალიერებას.
შს სამინისტროს ცნობით, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა მომზადების ფაკულტეტის მთავარმა ინსტრუქტორმა არჩილ ქავთარაძემ სტუმრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. მან ყურადღება გაამახვილა უფროსკლასელებისთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, პოლიციაში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიაზე. შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც წელს პირველად ხორციელდება. შსს-ს აკადემია სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან თანამედროვე სწავლებას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში – 2 წლიან სწავლებას სთავაზობს. ორივე პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით უძღვებიან. სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები. მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.