სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში დიდი ოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ქართული პროდუქტის“ ხორცის საბითუმო ობიექტიდან 300 კგ-მდე საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსსამსახურის ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის სამი ტან-ხორცის არც ერთ ნაჭერს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც შპს „ქართული პროდუქტი“ დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული პროდუქტის“ ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი არაერთხელ გამოავლინა, მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა, რეალიზატორები კვლავ ცდილობენ საეჭვო ხორცის გასაღებას. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ხორცის შეძენისას მოითხოვოს ფორმა N2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები