რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციისათვის 956 567 ლარი დაიხარჯება
რუსთავში გაუმართავი სანიაღვრე ქსელის გამო, ყოველი ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები იტბორება – ამ საკითხზე ისაუბრეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით შავლიაშვილი ქალაქ რუსთავში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერი ზვიად ძიძიგური, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გაუმართავი სანიაღვრე ქსელის გამო, რუსთავი ყოველი ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვის საფრთხის წინაშე დგებოდა ხოლმე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციისათვის 956 567 ლარი იქნა გამოყოფილი. პროექტი, რომელიც ქალაქის სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1) სანიაღვრე ქსელის მოწყობა თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე;
2) სანიაღვრე სისტემის მოწყობა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. კუზიანი ხიდიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე და გიორგაძის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);
3) სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტაბიძის, დადიანის და სანაპიროს ქუჩებზე;
4) სანიაღვრე ქსელის მოწყობა გორის და ყაზბეგის ქუჩის 1-ლი შესახვევის გადაკვეთამდე. პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, წვიმის დროს იაღლუჯის მთიდან მომავალი წყლის ნაკადის ქალაქის სანიაღვრე სისტემაში გაშვება, რაც ფაქტიურად სრულად მოხსნის, ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვის და წყალდიდობის საშიშროებას.