ბიზნესმენი რეზო ჭოხონელიძე: მაინცდამაინც თურქულად უნდა გადავიკეთო გვარი, რომ ბათუმში რამე გავაკეთო

„მაინცდამაინც თურქულად უნდა გადავიკეთო გვარი, რომ ბათუმში რამე გავაკეთო“- ამ კითხვით მიმართავს აჭარის ხელისუფლებას ბიზნესმენი რეზო ჭოხონელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ბათუმში თურქული კომპანიების ინვესტორებს, უამრავი ქართველი ინვესტორის ინტერესი ეწირება. ჭოხონელიძე ამბობს, რომ კონფლიქტი ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მისი თქმით, თურქმა ინვესტორებმა ბათუმის ძველ ბულვარში სავაჭრო ობიექტები უნებართვოდ ააშენეს. ბიზნესმენის ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება ამ დროისთვის შეჩერებულია.
„ბათუმის ძველ ბულვარში თურქულ კომპანია „ბათუნს“, 20 თუ 25 წლიანი იჯარით, 7500 კვადრატული მეტრი ტერიტორისა, პირდაპირ პლაჟზე გადაეცა. თურქებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ბაზრობა – მაღაზიები, კაფეები, სავაჭრო ობიექტები და ა.შ. ააშენეს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სიმახინჯე არსად მინახავს. 3 წელია ვითხოვთ, რომ თურქების მიერ პლაჟზე უნებართვოდ აშენებული ბაზრობის დემონტაჟი მოხდეს, იმიტომ რომ სანაპირო ზოლი აბსოლუტურად დაამახინჯა, თუმცა უშედეგოდ“, – განაცხადა რეზო ჭოხონელიძემ.
ჭოხონელიძის განცხადებითვე, ბულვარში არსებული კვების თუ სხვა დასასვენებელი ობიექტების ხედი, სწორედ თურქი ინვესტორების მიერ აშენებულმა „ბაზრობამ“ დაამახინჯა და მათ ამის გამო, მათ კლიენტურა საგრძნობლად მოაკლდათ. ჭოხონელიძე საუბრობს იმაზეც, რომ აღნიშნული თურქული კომპანია 20-ჯერ ნაკლებ იჯარას იხდის, ვიდრე ბათუმში არსებული სხვა ობიექტები. „მე 800 კვადრატულ მეტრში იჯარის სახით, წელიწადში 30 ათას ლარს ვიხდი, თურქები 7500 კვადრატულ მეტრში -15 ათას ლარს. ვერ გავიგე თუ თურქია ინვესტორი, მე, ქართველი კაცი, რომელმაც საქმეში ნახევარი მილიონი ჩავდე, ინვესტორი არ ვარ? მაინცდამაინც თურქულად უნდა გადავიკეთო გვარი რომ ბათუმში რამე გავაკეთო“, – აცხადებს ჭოხონელიძე.
ბიზნესმენი ბათუმის მერიის 2013 წელს გამოტანილი დადგენილების აღსრულებას ითხოვს, რომელიც თურქების მიერ პლაჟზე უკანონოდ აშენებულ ბაზრობის დემონტაჟს ეხება და საქართველოს მთავრობას მიმართავს, ამ პრობლემით დაინტერესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები