პატრიარქი: ყოველი ადამიანი არის უდიდესი ქმნილება ღვთისა და უდიდესი სასწაული
ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესის თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანიშნულება, მოვალეობა და ადგილი უნდა იპოვოს. “ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს. ყოველ წუთში სასწაულს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მას. ჩვენ ის ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ვიცით, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. ადამიანმა მსგავსება ღვთისა თავისი სულიერი მოღვაწეობით უნდა მოიპოვოს. ყველაზე დიდი არის ის, როცა ადამიანი გრძნობს, თუ ვინ არის იგი.
ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ხატება ღვთისა, ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანიშნულება, თავისი მოვალეობა, თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ყოველი ადამიანი არის უდიდესი ქმნილება ღვთისა და უდიდესი სასწაული. ეს დიდება ჩვენ ჩვენს თავში უნდა დავინახოთ. მახსენდება ჩემი სტუდენტობის დრო. მყავდა სულიერი გამოცდილი მოძღვარი, პროფესორი, დეკანოზი კოზლოვი.
მახსოვს, მისი ქადაგება: – ორი ასტრონომი სეირნობს. ერთი ეუბნება მეორეს: – მთელი სიცოცხლე პლანეტებს და კოსმოსს ვსწავლობ და არსად ღმერთი არ დამინახავსო. მეორე ეუბნება: ჩაიხედე გულში და გულში დაინახავ ღმერთსო. გვავიწყდება, ჩავიხედოთ გულში, ჩავიხედოთ სულიერი თვალით და ღმერთს აუცილებლად დავინახავთ, ხოლო თუ დავინახავთ ღმერთს, ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მადლიერების გრძნობა”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.