პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა და ის ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება, აღდგომის წინა დღეს კი, შაბათს მსვლელობა დაიწყება.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. მისივე თქმით, დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს. “ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო.
როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები