ომბუდსმენი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ 2015 წელს ცნობიერების ამაღლების კამპანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საქმეში ოჯახების როლის და დადებითი კონტრიბუციის გამოკვეთისკენაა მიმართული. ნანუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს დაბადებიდან სჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, ადრეული ჩარევის პროგრამების უწყვეტობა, სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები, ინკლუზიურ სასკოლო პროცესში ჩართვა, სადაც ასევე სპეციალური პედაგოგები წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს.
ზემოაღნიშნული და ბევრი სხვა პრობლემის არსებობის გამო ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების, მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების, სამოქალაქო სუბიექტების ფართო ჩართულობით გააძლიეროს მცდელობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის მიმართულებით.
“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. 2015 წელს ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმართულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საქმეში ოჯახების როლის და დადებითი კონტრიბუციის გამოკვეთისკენ. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება, რათა მათ უზრუნველყონ თავიანთი ოჯახის წევრის ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სრულფასოვანი სარგებლობა. ამასთან, აუცილებელია ზრუნვა თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულყოფილი განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის, რათა უშუალოდ განახორციელონ საკუთარი უფლებების ინტერესების დაცვა და სათანადო რეალიზება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე საუბრის პარალელურად გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში ამ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები დაუნის სინდრომის მქონე პირთა, მათ შორის ბავშვთა რაოდენობის შესახებ. დაუნის სინდრომის მქონე პირებს ჯერ კიდევ არ ეძლევათ ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა. სახელმწიფოს არ გააჩნია საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკა და მიდგომები. აღნიშნულ პირებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში.
დაუნის სინდრომის მქონე პირებს დაბადებიდან ჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადექვატურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, ადრეული ჩარევის პროგრამების უწყვეტობა, სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები, ინკლუზიურ სასკოლო პროცესში ჩართვა, სადაც ასევე სპეციალური პედაგოგები წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს. აღნიშნული საფუძველს ჩაუყრის მათ ჩართვას ინკლუზიურ პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ამ პირთა შრომისა და დასაქმების უფლების წარმატებით განხორციელებას. დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებული მითები და არასწორი დამოკიდებულება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტერეოტიპულ ხედვებს კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მხრიდან ტერმინის არასწორი გამოყენება, რასაც, სამწუხაროდ, დღემდე აქვს ადგილი. აუცილებელია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ, არსებული სტიგმის დაძლევა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება, რაშიც საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს.
მედიკოსების მხრიდან დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილის მშობლებისთვის ეთიკური სტანდარტის დაცვით, ობიექტური ინფორმაციის კორექტულად მიწოდება ხელს შეუწყობს ოჯახების მხარდაჭერას სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების საკითხში. მათ შორის რჩევებით ბავშვზე მზრუნველობის, ადრეულ ასაკში პრობლემებზე სათანადო რეაგირებით, რაც აუცილებელია დაუნის სინდრომის მქონე პირთა შემდგომში საერთო სოციალური ინტეგრაციისთვის. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, უმთავრესად სახელმწიფოს, დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების, მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების, სამოქალაქო სუბიექტების ფართო ჩართულობით გააძლიეროს მცდელობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის მიმართულებით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.