საქართველო ბედნიერების რუკაზე არ არის – რატომ არ დადეს ქართველებმა ბედნიერების პირობა
დღეს მსოფლიო „ბედნიერების საერთაშორისო დღეს“ აღნიშნავს, თუმცა საქართველო ამ ღონისძიებას არ უერთდება. საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლის მოსახლეობაც ამ დღეს არ აღნიშნავს. ამის შესახებ „ბედნიერების დღის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული რუკიდან ირკვევა, სადაც აღნიშნულია ის ქვეყნები და ქალაქები, რომელთა მოსახლეობამაც დადო პირობა, რომ ისინი მეტ ბედნიერებას შექმნიან. ამ რუკაზე www.dayofhappiness.net საქართველო აღნიშნული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ბედნიერების შექმნის პირობა არცერთმა მოქალაქემ არ დადო.
კავკასია და აფრიკა ღონისძიებაში ყველაზე ნაკლებად არის ჩართული, თუმცა ამ დღეს საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყნის მცირე, მაგრამ რამდენიმე ქალაქი მაინც უერთდება.
რუკის მონაცემების მიხედვით, მეტი ბედნიერების შექმნის პირობა უმეტესად ამერიკისა და ევროპის მოსახლეობამ დადო.
„ბედნიერების საერთაშორისო დღე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა და მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ იდეის განვითარებას, რომ ბედნიერება არა მხოლოდ პირადი მიზანი, არამედ საჯარო პოლიტიკის ნაწილი გახდეს.
„ბედნიერების დღესთან“ დაკავშირებით, გაერომ მოსახლეობას იმ სიმღერების არჩევა შესთავაზა, რომლებიც მათ ღიმილს ჰგვრით. შესაბამისად, ამ კომპოზიციებით „ბედნიერების ფლეილისთი“ მომზადდა. თავად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა სტივი უანდერის სიმღერა – “Signed, Sealed, Delivered” შეარჩია.
ნიცა ბუხნიკაშვილი