მამა პეტრე: გამოიგონეს სამარხვო სოსისი, ყველი, – აგრეთვე, მოწოდების სიმაღლეზე დგას სამარხვო მრევლიც

„დღეს მორწმუნეები არ, ან თითქმის არ არსებობენ“ – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია).
როგორც მამა პეტრე აღნიშნავს, უფალი, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ან არ ვეთაყვანებით, იგივე იყო ვიდრე დასაბამიდან დღესამომდე. სასულიერო პირი მარხვის დროს გამეფებულ სიყალბესა და სიბეცეზე საუბრობს. ამასთანავე, მისთვის წარმოუდგენელია, რას ნიშნავს სამარხო სოსისი ან თუნდაც ძეხვი.
„რას ნიშნავს ძველი და ახალი რწმენა?! ძველი და თანამედროვე მორწმუნე?! ძველი და ახალი ღმერთი?! უფალი, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით ან არ ვეთაყვანებით, იგივე იყო ვიდრე დასაბამიდან დღესამომდე. მე ვიტყოდი, რომ დღეს მორწმუნეები არ, ან თითქმის არ არსებობენ. ამჟამინდელი მდგომარეობა იმდენად გაურკვეველია, დიდი ხანია ვფიქრობ და ანტიკურობიდან მოყოლებული, ჩვენი ჩათვლით, ანალოგი ვერ მოვუნახე. არსებობდა წარმართობა-პანთეიზმი, პოლითეიზმი, მონოთეიზმი, თეიზმი, ათეიზმი, მაგრამ დღეს ყველა მათგანში ერთად ვართ. გვიყვარს ქილიკი, განკითხვა, მარხვაში მწუხარე გამომეტყველება, მკაცრი ასკეტიზმი, უხეში განსჯა… საკმარისია მარხვა ერთ წუთს გადასცდეს, სამეფოდ გაშლილი სუფრებიდან ხშირ შემთხვევაში სამკურნალოდ მივყავართ. სიყალბეა, სიბეცეა, თვითკმაყოფილებაა გამეფებული. გამოიგონეს სამარხვო სოსისი, ძეხვი, ყველი, აგრეთვე მოწოდების სიმაღლეზე დგას სამარხვო მრევლიც. ვისაც დიდმარხვაში ახსენდება, რომ თურმე ღმერთი არსებობს და თუ არ ვილოცეთ, არ მოგვცემს სახლებს, აგარაკებს, სამსახურებს, წარმატებებს… ძირითადად, ხომ ამის გამო დავდივართ ტაძარში. ამას კი რწმენა არა, ვაჭრობა და აღებ-მიცემობა ჰქვია. ვილოცებ, თუ საცხოვრებელს შევიცვლი, მარხვას დავიცავ, თუ ოჯახს შევქმნი… უმძიმესი მდგომარეობაა. ღმერთი აბსოლუტური გონია, აზროვნებაა, შეცნობაა… ყოვლადსახიერი მარტო იმას რომ უსმენდეს, ვინც პირადი ინტერესებისთვის დადის ტაძარში, წარმოიდგინეთ, რამხელა ბოროტება იქნებოდა. დავსვათ შეკითხვა-რას ემყარება ჩვენი რწმენა?! გვეცოდინება პასუხიც, ვინ არის ჩვენი ღმერთი…“,- წერს მამა პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები