კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეშფოთებას გამოთქვამს მოქალაქეების იმ ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რაც თბილისის ქუჩებში მდებარე წყალსადენის საკვანძო ჭებში მათ უნებართვოდ ჩასვლასა და ურდულების თვითნებურად დაკეტვის მცდელობას უკავშირდება, – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, კომპანია თბილისის მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუშვებლად მიიჩნევს მსგავს თვითნებურ ქმედებებს, რაც, პირველ რიგში, რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, იწვევს ურდულების დაზიანებასა და გარკვეული არეალის მოსახლეობის საათობით უწყლოდ დატოვებას – კომპანია კი იძულებულია, დაზიანებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ახლით შეცვალოს, რაც, ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯია.
მოქალაქეები მსგავს თვითნებურ ქმედებას მიმართავენ მაშინ, როდესაც მათ საცხოვრებელ ფართში დაზიანებული წყალგაყვანილობის შეკეთება-შეცვლა სურთ და წყლის ლოკალურად შეწყვეტას ვერ ახერხებენ. ამის გამო ისინი, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე, საკვანძო ჭებში დამონტაჟებული ურდულების დაკეტვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, მიმართავს მოსახლეობას, რომ მაგისტრალური ქსელიდან წყლის დაკეტვის თაობაზე აუცილებლად ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ კომპანიას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მომხმარებლის შიდა ქსელზე, ავარიული დაზიანების გამო, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება და სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია წყლის დაუყოვნებლივ დაკეტვაზე, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის „ცხელ ხაზს“ – 293 11 11, ან ვებგვერდის – www.georgianwater.com – ონლაინ-ჩეთს. მიღებულ შეტყობინებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.