რას ყვება „კვირასთან“ იტალიაში გარდაცვლილ ქართველზე ემიგრანტი გულიკო ლეჟავა
„მოგიწოდებთ ყველას, იმათ, ვინც აქ სამუშაოდ გამოგზავნეთ საკუთარი ოჯახის წევრები. გაუფრთხილდით მათ ნაშრომს. ლუკმა, რომელიც მოგეცემათ, აქ ძალიან დიდი სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირის ფასად მოიპოვება“, – ამბობს ემიგრანტი გულიკო ლეჟავა.
კვირას, 15 მარტს იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრები, საქართველოდან ჩასული ემიგრანტები საზარელმა ამბავმა მოიცვა. ქუჩაში, მეგობარ ქალბატონთან ერთად მიმავალ დედა–შვილს, რომლებიც ტროტუარზე ადიოდნენ, ავტობუსი დაეჯახა. ქალბატონი ნონა ზარიძე სავადმყოფოში მიყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა . საელჩოს დახმარებით და ქართველების მიერ შეგროვილი ფულით მალე მას სამშობლოში გადმოასვენებენ.
გულიკო ლეჟავა ერთ–ერთი მათგანია, ვინც ოჯახის გადასარჩენად ქმართან ერთად სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. იგი მომხდარზე, საკუთარ ცხოვრებასა და, ზოგადად, ემიგრანტების მძიმე ბედზე მოგვითხრობს.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ კვირას, 15 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე?
– ჩემს აქ ყოფნაში, ბევრი ქართველი დაიღუპა, მათგან ზოგიერთი ავარიის შედეგად. კვირის ავარიამ კი ყველა შეგვძრა. ფული გროვდება საელჩოსა და ხალხის დახმარებით, რომ საცოდავი ქალი საქართველოში გადმოასვენონ. მას კარგად ვიცნობდი. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო. ქმარ-შვილთან ერთად იყო გადმოხვეწილი. დიდი დრო არც გასულა, რაც ქმარი დროებით საქართველოში დაბრუნდა. ქალბატონი შვილთან და მეგობართან ერთად მგზავრობდა. გზაზე გადადიოდა. წერდნენ იმას, რომ იქ განთავსებული ნაგვის ურნები ცენტრიდან წამოსულ ავტობუსს ძნელად შესამჩნევს ხდიდა. ავტობუსმა მკვეთრად შემოხვევისას უკანა ბოლო ნაწილი ქალს მხარზე გაჰკრა. ქალი წაიქცა და თავი დაარტყა. შვილი წინ მიდიოდა, მეგობარმა ბედად ტროტუარზე აასწრო. სასწრაფო დახმარების მანქანამ მძღოლთან ერთად სამივე საავადმყოფოში გადაიყვანა (რადგან ისინი შოკში იყვნენ). იგი ძლიერი სისხლდენისგან ორ საათში გარდაიცვალა.
გარდა უბედური შემთხვევებისა, ბევრი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ფსიქოლოგიურად ვერ უძლებენ. ოჯახის გარეთ დარჩენილ ქალებს უჭირთ შეგუება. ფსიქოლოგიურადაც ბევრი შეიშალა. შეშლილებს ძლივს აბრუნებენ საქართველოში. ბევრი დასნეულებული ჩქარობდა, აქ არ მომკვდარიყო და მანდ ჩამოესწრო.
– თქვენ რატომ წახვედით იტალიაში სამუშაოდ?
– თბილისში დავიბადე. დედა, რომელიც მარტო მზრდიდა, არაფერს მაკლებდა.მუდამ ადამიანების სიყვარულს და პატივისცემას მინერგავდა. თავად მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. მშრომელი მშობლები და ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა. ერთ დიდ ოჯახს, სადაც შვილები და მათი პატარა ოჯახები შედიოდნენ, დედის დედა სიყვარულით აკავშირებდა. მასთან მუდამ სტუმრიანობა და ჟივილ-ხივილი იყო. ჩემი ბავშვობა სწორედ ასეთ ღირებულებებში გავატარე. ადრე დავვოჯახდი, პროფესიით პედაგოგი ვარ, სკოლაში ვასწავლიდი, საუკეთესო მეუღლე და ორი შვილი მყავს. ახლა უკვე ბებიაც ვარ. საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენი შემოსავლით თავს ვერ გადავირჩენდით, უცხოეთისკენ გამოვწიეთ. ასე დაიწყო ჩვენი ემიგრანტული ცხოვრება.
– რამდენი წელია იტალიაში ხართ?
– ჩემთვის ტრაგედია იყო ოჯახის დატოვება. ხუთი წელია აქ ვარ და მაინც ვერ შევეგუე აქაურ ცხოვრებას. ყოველი ღამე და დილა ცრემლიანი ლოცვით იწყება. რომ ჩამოვედით, ერთი წელი და სამი თვე უმუშევარი ვიყავი. ქართველებს შევეხიზნეთ და ქირას ვუხდიდით. ძნელია ემიგრანტის ცხოვრებას შეეგუო მაშინ, როცა შენს სამშობლოში ამდენი საყვარელი ადამიანი გყავს. ელემენტარული პირობები მინდა შევიქმნა და აუცილებლად დავუბრუნდები ოჯახს. აქ შენს თავს არ ეკუთვნი. საბედნიეროდ (ამას თუ ბედნიერება ჰქვია), მე გამიმართლა და ბევრი ლოდინის შემდეგ კარგი ოჯახი შემხვდა. არაჩვეულებრივად მიმიღეს, როგორც შვილი, როგორც და. მათთან აღარ ვმუშაობ, მაგრამ კავშირი ისევ მაქვს. ჩემს მრავალ მეგობარს საკმაოდ უჭირს აქაური ცხოვრება. ბევრიც გაუსაძლის პირობებშია სამსახურში, კარჩაკეტილი ცხოვრება ჭირვეულ მძიმე ავადმყოფთან ბევრს უჭირს. თუმცა გამოსავალი არ აქვთ.
– დასვენების დღე თუ გაქვთ. ერთმანეთს თუ ხვდებით ქართველები?
– ხუთშაბათი და კვირა გამოსასვლელი დღეებია. დიახ, ვიკრიბებით, ერთად ვსაუბრობთ და საღამოს ისევ „შინისკენ“ მივიჩქარით, თითქოს ჩვენს ოჯახებში გავრბოდეთ. ასე ცრემლგამშრალები და გახევებულები ვბრუნდებით სამსახურებში. ქართველობის მადლი მაინც არ დაგვიკარგავს, ერთი ცის შვილები, როგორც შეგვიძლია, ისე ვატანინებთ სულიერ გაჭირვებასა და დარდს ერთმანეთს. ნობათს თუ ვინმე მიიღებს საქართველოდან, ერთმანეთს ვუნაწილებთ.
– რა მიზეზებს ასახელებენ, ძირითადად, ეს ადამიანები, რატომ ტოვებენ ოჯახებს. რა აიძულებთ მათ ამის გაკეთებას?
– ბევრი შვილის სწავლის დასაფინანსებლად მუშაობს, ზოგი ავადმყოფის მკურნალობას აფინანსებს. ზოგმა ბინა დაკარგა. ბევრი ადამიანია, ვინც საქართველოში, ღია ცის ქვეშ დატოვა ბანკმა და სხვა გზა აღარ დარჩათ, ბედის საძებნელად აქეთ გამოეშურნენ. ბევრი აქედან იხდის ბანკის, ასევე მევახშეთა პროცენტებს. აქ სხვა წესებია, ჩვენ სხვა წესები გვაქვს, გვიჭირს შეგუება. კარგი და ცუდი ყველგან არის. ასეა აქაც. ხელფასის გამო ბევრი დამცირების ატანაც გვიწევს.
– მეუღლესთან ერთად ხართ ჩასული.
– მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მარტო და მეუღლესთან ერთად ვუძლებ აქაურ ყოფას, ფსიქოლოგიურად მაინც მიჭირს. მათ, ვისაც აქეთკენ უჭირავს თვალი, მინდა ვუთხრა: არასდროს ინატრონ ევროპაში წასვლა. საკუთარ ქვეყანაში, დედასამშობლოს მზით გამთბარი შავი პური გერჩიოთ, ვიდრე აქაური ხიზილალა. მოგიწოდებთ ყველას, ვინც აქ სამუშაოდ გამოგზავნა საკუთარი ოჯახის წევრები. გაუფრთხილდით მათ ნაშრომს. ლუკმა, რომელიც მოგეცემათ, აქ ძალიან დიდი სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირის ფასად მოიპოვება. მეურნეობებში კაცებისთვის ძნელია მუშაობის დაწყება. ბევრი უსაბუთოა და იმიტომ. თანაც მძიმე შრომაა და შრომის შესაბამისი ანაზღაურებაც არ არის. ამიტომ ვინც ქმართან ერთად ჩამოვედით, ძირითადად, ჩვენ გვიწევს მათი შენახვა.
– როგორია ადგილობრივ მოქალაქეებთან ურთიერთობა?
– ადგილობრივებზე ცუდს ვერ ვიტყვი. ქუჩაში, როგორც მოქალაქეს, ცუდადად არავინ არ გექცევა. აქაური ხელისუფლებისგან ბევრი დახმარებაა ემიგრანტებზე. გახსნილია უფასო სასადილოები, მეტ-ნაკლებად არიგებენ ტანსაცმელსაც. უსაბუთოებს სამედიცინო დახმარება უფასოდ აქვთ. საბუთიანებს შეღავათებს უწევენ.
– ენის შესწავლა არ გაგიჭირდათ?
– ენის შესწავლა არ გამჭირვებია. ადვილად გადავლახე.
– მიმართეთ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს.
– ნათესავების, მეგობრების თანადგომა, ჩვენი ოჯახებიდან ერთი ტკბილი სიტყვა ათი წლის სიცოცხლეს გვმატებს. ჩვენ ხომ თქვენით ვცხოვრობთ. მოსაღამოვდება და ისევ ჩვენს დარდს მივეცემით. გაიმეტეთ ტკბილი სიტყვა, მოგვეფერეთ, რომ ვიდრე ამ ჯოჯოხეთს თავს დავაღწევთ, თქვენმა სითბომ გაგვაძლიეროს.
უფალს მადლობა, რომ სულიერ სიძლიერეს გვაძლევს. ახლა, როცა ამას გწერთ, ღაპაღუპით მომდის ცრემლი და თავს ვერ ვიკავებ. გაოცებული მეკითხება ჩემი აქაური ავადმყოფი ბებო, ამდენს რატომ ტირიო.
ილოცეთ ჩვენზე, რომ თქვენმა ლოცვამ გაგვაძლებინოს!
დიდ მადლობას მოგახსენებთ გულისხმიერებისთვის!
ირმა მირზაშვილი