„რომც ეჩვენებინათ “ის” ციხის კადრები ბავშვებისთვის, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ“

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოზარდებისთვის ციხის კადრების შესახებ ფილმის ჩვენებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამგვარ მეთოდს ევროპაშიც იყენებენ.
„ფარისევლობა დაგვღუპავს! ბოლოს და ბოლოს, არ ვიცი, ვის რა კადრები აჩვენეს, მაგრამ რომც ეჩვენებინათ “ის” ციხის კადრები, ამაში ტრაგიკულს და ბოდიშის მოსახდელ მიზეზს ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ…. გაგახსენებთ, რომ ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში და არა მხოლოდ ათვალიერებენ მათ, არამედ ფოტომასალას და ფილმებს ეცნობიან სწორედ იმისთვის, რომ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს… იგივე ხდება, როცა ტურისტად ჩადიხარ ისრაელში და დიდი – პატარა აუცილებლად უნდა მიგიყვანონ “იად ვაშემის” მემორიალთან და იქ მოთავსებულ უმძიმეს გამოფენას გათვალიერებენ!.. ან კიდევ სომხეთში ჩასული, როცა გენოციდის მუზეუმს ეწვევა ადამიანი თუ ახალგაზრდა, რა მნიშვნელობა აქვს… ეს არის დღევანდელი მსოფლიო, სადაც არც ბავშვებს არ უფრთხილდებიან, თუკი გვესმის, რა ხდება სირიაში… ამიტომ უცხოეთის ყველა ტელევიზია ხშირად იმეორებს ამ ტრაგედიების ამსახველ იმ ძალიან მძიმე კადრებს, სწორედ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს არ დაავიწყდეთ ბარბაროსობა და მასთან ბრძოლის აუცილებლობა… ჩვენ რა ნაზები და რა მორალისტები გავხდით უცებ, რომ გვირჩევნია ემოცია არ გამოიწვიოს ბავშვში, ავაცილოთ მას ეს განცდები, და ავარიდოთ საერთოდ ჩვენ ქვეყნის რეალობას… როცა სულ ორიოდე წლის წინ თვითონ შეიძლებოდა კადრების მაყურებელი კი არა, მსხვერპლიც გამხდარიყო, ან თვითონ, ან მამა თუ ძმა….”, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები