პატიმარი გეგუთის ციხეში თავისა და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობებით გარდაიცვალა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგუთის №14 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულის გარდაცვალება პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა.
“2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის №14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. მათივე განმარტებით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც.