ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას – არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე
“მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან.
„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.
არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი”, – განაცხადა პრემიერმა.