„ნაციონალებს“ არეულობის მოწყობაში კრიმინალური ავტორიტეტებიც ეხმარებიან“

„ნაციონალებს“ არეულობის მოწყობაში კრიმინალური ავტორიტეტებიც ეხმარებიან – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციაზე დიდი არეულობის მოსაწყობად ემზადება.
,,ნაცმოძრაობის“ მთელი რესურსი 21 მარტის აქციისკენ არის მიმართული. რევოლუცია, სისხლისღვრა და თუ დასჭირდათ სამოქალაქო ომი, – ამ ყველაფერზე ,,ნაციონალები“ და მათი მამამთავარი სააკაშვილი წამსვლელები არიან. ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდება – ეს არის 21 მარტის აქციის მთავარი მიზანი. ამ გეგმის განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ,,ნაცებთან“ ასოცირებულ ყველა პოლიტიკურ და არასამთავრობო ძალას საკუთარი მისია აკისრია. მათ შორის არიან უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებული ,,ნაციონალებიც“. ბოლო დროს არაერთხელ თქმულა იმის შესახებაც, რომ 21 მარტისთვის უკრაინიდან ქართველი ,,ბოევიკებიც“ ჩამოვლენ, ნაწილი კი უკვე ჩამოსულიცაა“,- წერს გაზეთი.
წყაროს ცნობით, 21 მარტს არეულობის მოსაწყობად თბილისში უკრაინელი სპეცრაზმელებიც ჩამოვიდნენ, ნაწილი კი მომდევნო დღებში ჩამოვა.
,,გამოცემას შეატყობინეს, რომ უკრაინული პოლიციის თანამშრომლები, მეტწილად, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები, ტურისტული გზით, საქართველოში უკვე შემოვიდნენ და მათ დავალებული აქვთ არა ,,ნაცების“ მხარდამჭერთა ინსტრუქტაჟი, არამედ კონკრეტული პროვოკაციების დაგეგმვა და მოწყობა. ეს ინფორმაცია ,,ნაციონალებთან“ დაახლოებულმა წყაროებმაც დაადასტურეს. ამ დროისთვის, უკრაინიდან 50-ზე მეტი სპეცრაზმელია შემოსული. რაც შეეხება ინსტრუქტორებს, ისინი, სავარაუდოდ, ამ დღეებში ჩამოვლენ თბილისში“,-აღნიშნავს გაზეთი.
წყაროს თქმითვე, თბილისში ,,თავისუფალი თაობისა“ და ,,ნაციონალთა“ სხვა არასამთავრობოს ის წევრებიც დაბრუნდებიან, რომლებმაც კიევში სამხედრო ბაზაზე სპეცმომზადება გაიარეს.
“21 მარტის აქციისთვის კიდვ ერთ გაუკრაინებულ ,,ნაციონალს“ აკისრია განსაკუთრებული მისია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით საყვარელიძე გივი თარგამაძესთან ერთად, ხალხის წინააღმდეგ კრიმინალთა გამოყენებას აპირებს. საყვარელიძე და თარგამაძე უფრო შემსრულებლები არიან, თორემ მათ დავალება ზურაბ ადეიშვილისგან მიიღეს. გივი თარგამაძეს აქციაზე საქართველოში მყოფი კრიმინალების მობილიზაცია ევალება. ეს ის კრიმინალები არიან, ,,ნაციონალებმა“ ციხეში ყოფნისას რომ ,,დაავერბოვკეს“, ანდა კონკრეტული დანაშაულის გამო, არ დაიჭირეს მათთან მუდმივი თანამშრომლობის სანაცვლოდ. ამ ხალხმა მიიღო დავალება, რომ 21 მარტს რუსთაველზე მივიდნენ და ყველა ის სიბინძურე შეასრულონ, რასაც გივი თარგამაძე უბრძანებს. თუმცა, ეს კრიმინალთა მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელთაც უშუალოდ, რუსთაველზე გამოიყენებენ“,- წერს გაზეთი.
მისივე ინფორმაციით, ,,ნაციონალებს“ სხვა გეგმაც აქვთ, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე დავით საყვარელიძეს აუღია. კერძოდ, წყაროს ინფორმაციით, გეგმის თანახმად, დანაშაულები კრიმინალური ავტორიტეტების ზედამხედველობით მოხდება, რომლებიც 21 მარტამდე, გარკვეული გარანტიების მიცემით, თბილისში ჩამოვლენ.
„თავად ,,ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დავით საყვარელიძემ უკრაინაში მყოფ ათამდე კრიმინალურ ავტორიტეტს, უკრაინის შესაბამისი სამსახურების დახმარებით, ყალბი საბუთები გაუკეთა, ეს ხალხი ამ ყალბი საბუთებით საქართველოში ჩამოვა 21 მარტის აქციამდე. მათი თბილისში ყოფნის მიზანი კი ის ყოფილა, რომ ,,ნაციონალთა“ მხარდამჭერ კრიმინალებს კოორდინაცია გაუწიონ, მართონ ორგანიზებული დანაშაული არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. დაგეგმონ და შეასრულონ კონკრეტული დანაშაულები, რაც არეულობას გამოიწვევს. ეს ხელისუფლებას აიძულებს, დიდი ძალისხმევა გადაიტანოს მოძალებულ კრიმინალთან გასამკლავებლად, ეს კი ,,ნაციონალთა“ წისქვილზე დაასხამს წყალს. კრიმინალი კი მრავალფეროვანი იქნება – ხალხის დაყაჩაღება, საფირმო მაღაზიების, ბანკების დაყაჩაღება, ბინების გაქურდვა, ძარცვა და ა.შ.
დავით საყვარელიძე თურმე ამ კრიმინალურ ავტორიტეტებს ზურაბ ადეიშვილის სახელით აძლევს გარანტიებს, რომ მათ ყველაფერი შერჩებათ, რასაც მათ მიერ მართული კრიმინალები მოინადავლებენ, არავინ არათუ პასუხს არ აგებს ჩადენილ დანაშაულებზე, როცა ,,ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეტიც, ვინც სურვილს გამოთქვამს, დაასაქმებენ, თავად ეს ავტორიტეტები კი სოლიდურ გასამრჯელოებს მიიღებენ. ამ ფულს კი ,,ნაციონალთა“ ,,ობშიაკიდან“ ზურაბ ადეიშვილი იხდის“,- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები