არჩილ გამზარდია: “კვირის 20/30” რეიტინგზე მეტად პრეცედენტზეა ორიენტირებული

გადაცემა “კვირის 20/30”-ის წამყვანი არჩილ გამზარდია გადაცემის პირველ ეთერს ეხმაურება. როგორც გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გადაცემა “კვირის 20/30” რეიტინგზე მეტად ორიენტირებულია პრეცედენტზე და ის ყოფილი პრემიერის მიერ დაფუძნებულ „საზოგადოება 20/30“-ის საქმიანობას ქვეყნის მოსახლეობას და საზოგადოებას უკავშირებს.
ამასთან, წამყვანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე “კვირის 20/30”-ის დაპირისპირება და შედარება “კურიერ p.s.”-თან ან “იმედის კვირასთან” მიზანშეწონილი არ არის.
„მათ საყურადღებოდ, ვინც “კვირის 20/30”-ს უპირისპირებს ან “კურიერ p.s.” ან “იმედის კვირას”, უნდა გამცნოთ, რომ ეს შედარება არც ისე მიზანშეწონილი შედარებაა, გარდა მაუწყებლობების სხვადასხვაგვარი გავრცელებისა, ასევე სამივე გადაცემას თავისი სამიზნე ჯგუფი ჰყავს, შესაბამისად, ნაკლებად იკვეთება ერთმანეთზე.
მე ვგულშემატკივრობ “იმედის კვირას” და მახარებს, რომ ჩემი მეგობრები ენერგიულ გადაცემას ქმნიან. აკადემიურ, ანალიტიკურ გადაცემებს ჩვენ შეჩვეულები ნაკლებად ვართ, ამდენად, “კვირის 20/30” რეიტინგზე მეტად ორიენტირებულია პრეცენდენტზე და ის „საზოგადოება 20/30“-ის საქმიანობას უკავშირებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას. ყოველ დღე და ყოველ კვირა, ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი საზოგადოების ხედვას, პოზიციას არა ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე როგორც მიმდინარე აქტუალური საკითხებისას, ასევე ქვეყნისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე.
ჩვენ, მთლიანი საზოგადოება ერთად ჩავერთვებით ჩვენი ქვეყნის მართვაში. დროა, ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობა დავასრულოთ, რადგან ნებისმიერი დესტრუქცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩვენ ბნელ წინა წლებში გვაბრუნებს, შესაბამისად, ასეთი ადამიანებიც; აუცილებელია საზოგადოება ერთად დავსხდეთ, დესტრუქციების ნაცვლად, ვიმსჯელოთ მომავალზე, საქმიანმა, კვალიფიციურმა, მომავალზე ორიენტირებულმა ადამიანებმა, ახალმა თაობამ ვიმსჯელოთ, როგორ გვინდა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, როდის რას უნდა მივაღწიოთ, რა შედეგი უნდა მივიღოთ დღეს და როგორ გავიუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.
ვისაც მოგბეზრდათ დესტრუქციები, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული პროცესები, ქვეყნის დანგრევაზე ორიენტირებული ადამიანების აქტივობები, და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის შექმნაში, მომავლის შექმნაში, აუცილებლად მოგეცემათ საშუალება ერთიანად ჩავერთოთ ამ პროცესში.
„საზოგადოება 20/30“ ღია და გახსნილი ორგანიზაციაა. გადაცემები “კვირის 20/30” და ყოველდღიური “20/30” კი თქვენ მუდმივად მოგამარაგებთ საქმიანი, კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის შექმნაზე ორიენტირებული ადამიანების ხედვასა და შეფასებებს მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ერთად უნდა ვაკონტროლოთ ხელისუფლება ახლაც და სამომავლოდაც ვიცოდეთ, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში როგორი უნდა იყოს საზოგადოების კონტროლი და არა პირიქით, რასაც წლების განმავლობაში გვაიძულებდნენ. დიდი მადლობა აქტიური ჩართულობისათვის, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხედოთ წინ და უკან დაბრუნების, დესტრუქციების, ისტერიული აქტივობებისა და ხალხის დაპირისპირების მსურველების საპირდაპიროდ, უნდა დავსხდეთ და ერთიანი ჩართულობით, თანამშრომლობით შევქმნათ ჩვენი სამშობლო“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები