ტაბაწყურის მოსახლეობა სომხეთის პარლამენტის დეპუტატს სასამართლოში უჩივის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა სომხეთის პარლამენტის დეპუტატსა და სომხეთის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ ვარდან აივაზიანს სასამართლოში უჩივის – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. ამავე სტატიაში ადგილობრივები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სომეხი დეპუტატის კომპანიისთვის გაცემული იმ ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობა შეეზღუდათ. ამბობენ, რომ სოფელში მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ თევზაობა იყო.
„საქმე ისაა, რომ ტაბაწყურის ტბა 2010 წლის 2 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 1 832 ლარად გასხვისდა. აუქციონზე მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ტბები“, რომლის 90%-იანი წილის მფლობელი სწორედ ვარდან აივაზიანი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 აგვისტოს შეიქმნა“, – წერს „რეზონანსი“
მოსახლეობის განცხადებით, მათ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მკვიდრის ინფორმაციით, ადგილობრივები მზად არიან, ხელახალი აუქციონის შემთხვევაში ტბაზე თევზაობის უფლების მოსაპოვებლად ლიცენზია თავად შეიძინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები